ეროვნული ბანკის პრეზიდენტი: შეუძლებელია იმის გარკვევა, ნებისმიერ დღეს, რამ გამოიწვია ლარის კურსის გაუფასურება, ან გამყარება

საქართველოში გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომლისთვისაც მოკლევადიან პერიოდში დამახასიათებელი არის რყევები, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
გვენეტაძის განმარტებით, შეუძლებელია იმის გარკვევა, ნებისმიერ დღეს, რამ გამოიწვია ლარის კურსის გაუფასურება ან გამყარება.
“როგორც მოგეხსენებათ, ეს არის ოპტიმალური გაცვლითი რეჟიმი პატარა ზომის ქვეყნისათვის, რომელსაც აქვს გახსნილი ეკონომიკა. ეს არაერთხელ აღინიშნა, როგორც სარეიტინგო კომპანიების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, რომ მცურავი გაცვლითი რეჟიმი არის ყველაზე კარგი საშუალება, რათა ნებისმიერი შოკი, რომელიც შეიძლება მოხდეს, ეკონომიკამ შეიწოვოს. ეროვნულ ბანკს გაცვლითი კურსის რაიმე ნიშნული მაჩვენებელი არ გააჩნია“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, დღეს საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია.
„ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ინფლაცია და აქ გაცილებით მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის. ინფლაცია საქართველოში დაბალია. დღესდღეობით რაც გვაქვს, ეს არის მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთ. როგორც მოგეხსენებათ, წლიური ინფლაცია 2.7 პროცენტია. ჩვენ გვაქვს ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ ინფლაცია ვაკონტროლოთ და დაბალ დონეზე შევინარჩუნოთ“, – აღნიშნა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები