მამუკა სალუქვაძე: გენგეგმამ ბიძგი მისცა იმას, რომ თბილისში ამბიციური პროექტების განხორციელება დაიწყოს

გარკვეულწილად, გენგეგმამ ბიძგი მისცა იმას, რომ თბილისში ამბიციური პროექტების განხორციელება დაიწყოს, – ამის შესახებ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ორგანიზაციის, “სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენიაზე განაცხადა.
სალუქვაძემ მიწისზედა მეტროს პროექტის შესახებ ისაუბრა.
„გვახსოვს პერიოდი, როცა მახინჯი სახლების მეტი არაფერი შენდებოდა და არავითარ ახალ მსხვილ პროექტებზე საუბარი არ იყო. მით უფრო, არ იყო საუბარი ისეთ პროექტებზე, რომელიც ქალაქის გამწვანებას შეუწყობდა ხელს, იგივე მწვანე ტრანსპორტზე იქნებოდა საუბარი, პირიქით პროცესები მიმდინარეობდა. დღეს უკვე ვხედავთ, რომ მას შემდეგ რაც გენგეგმა მიღებულია, მას შემდეგ რაც ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული, გარკვეული ღონისძიებების, საკმაოდ მსხვილი და ამბიციური პროექტების დაანონსება მიმდინარეობს თბილისის მერიის მიერ, იმ პროექტებისა, რომელიც, მათ შორის გენგეგმის მიერ იყო გათვალისწინებული. რაზეც გუშინ იყო საუბარი, ეს საკითხი და პროექტი იყო ის ერთერთი ღონისძიება და აქტივობა, რომელიც ჩვენ გვქონდა რეკომენდაციის სახით ჩადებული გენგეგმაში, მიწისზედა მეტროს მშენებლობა; მიმართულებაც ვიცით, ესაა ლილოს მიმართულება, ისმის ხშირად – რატომ დიდ დიღომში არა? რა თქმა უნდა, ბევრი მიმართულებითაა საჭირო მეტროს გაგრძელება, ეს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია, რომელსაც საკმაოდ ბევრი ადამიანი გადაჰყვას, მაგრამ აქ იმაზეა საუბარი, რომ არსებობს ინფრასტრუქტურა , დღეს გამოუყენებელი, რომელიც შეიძლება მერიამ გამოიყენოს მიწისზედა მეტროს მშენებლობისთვის ისე, რომ ძალიან დიდი ფინანასური საშუალებები არ დაიხარჯოს ამაში. ტრასა მოწყობილია, აქედან გამომდინარე ბევრად უფრო ნაკლები ხარჯი იქნება და სწორედ ამიტომაა საუბარი მიწისზედა მეტროზე.
პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ხვალ ვერ მიადგებიან, ნიჩაბს ვერ დაარტყამენ და ვერ დაიწყებენ მშენებლობას, კვლევის გარეშე არცერთი ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტის გაკეთება არ შეიძლება. გენგეგმამ როგორც სტრატეგიულმა დოკუმენტმა, მიმართულება შეიძლება მისცეს, წინადადებები შესთავაზოს ქალაქგეგმარებითი კუთხით, ურბანული კუთხით. რა თქმა უნდა აქ სატრანსპორტო საკითხებიცაა მოაზრებული, მაგრამ ამას ყველაფერს სჭირდება შემდეგ უკვე დეტალური კვლევები, ამ სახის ტრანსპორტისთვის არის თუ არა შესაძლებელი, გადაწყობა უნდა მოხდეს, ეს იყო გათვლილი რკინიგზის ტრანსპორტზე, ახლა საუბარია მეტროზე. ეს არის ის ტრასა, რომელიც შემოვლითი რკინიგზისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ბევრმა ექსპერტმა დაიწუნა. ძალიან ბევრი პარამეტრით სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. თბილისის ზღვისკენ რომელიც მიდის ბევრი ფაქტორის გამო იქნა დაწუნებული, მათ შორის ეკოლოგიური და ტექნიკურ საკითხების გამო. ამიტომ ვფიქრობ, რომ მეტროსთვის ამ ინფრასტრუქტურის გამოყენება რეალურია“, – განაცხადა სალუქვაძემ.
სალუქვაძე მგზავრთანაკადების საკითხზეც გააკეთა კომენტარი.
„ვისაც პრეტენზია აქვს იმასთან დაკავშირებით , რომ მგზავრთანაკადები ნაკლები იქნება, ეს არავინ იცის, არ დაუთვლიათ. კვლევებმა უნდა დაადასტუროს რამდენად ეფექტური იქნება ეს მარშრუტი. ლილოს ბაზრობა, „ისთ ფოინთი“ ძალიან აქტიური მიმართულებაა.
ჩვენ ახლა მაინც რუსთავისკენ ვიხედებით. რუსთავიდან რამდენი სამარშრუტო ავტობუსი შემოდის და გადის და ტვირთავს ქალაქს. ეს შეიძლება თავიდან ავიცილოთ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის მეშვეობით“, – განაცხადა სალუქვაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა და თბილისის მერია მიწისზედა მეტროს პროექტს იწყებს. ამის შესახებ ინიციატივის – „მწვანე პოლიტიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის „მწვანე პოლიტიკა -ეკოტრანსპორტი“ პრეზენტაციაზე გუშინ გახდა ცნობილი.
პროექტის მიხედვით, მიწისზედა მეტრო პრველ ეტაპზე მეტროსადგურ „სამგორს“ ლილოს ბაზრობასთან და აეროპორტთან დააკავშირებს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები