მარნეულში, გორულის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები განხორციელდა
2018 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე ნაქალაქარ გორულის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები განხორციელდა.
შესრულებული სამუშაოების შედეგად არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ ეკლესიის ტერიტორია გაიწმინდა მცენარეებისაგან, გასუფთავდა სამშენებლო ნაგვისგან. მოიხსნა კრამიტის ქვის არსებული დუღაბის ფენა. გასუფთავდა ქანობები ხის კონსტრუქციების მოსაწყობად, – კარნიზი ჩამოღვენთილი კირის ფენისაგან. მოეწყო დაფერილი თუნუქის სახურავი ლორფინის იმიტაციით. ინტერიერსა და ფასადებზე ამოივსო გამოქარული ადგილები კირ-დუღაბის ხსნარით, ჩაისვა რკინის კარებები სამხრეთ და დასავლეთ ფასადებზე. მოეწყო ბადიანი რკინის სარკმელები.
ნაქალაქარი გორულა განლაგებულია მთის სამხრეთ კალთაზე, რელიეფის სხვადასხვა ადგილზე, ერთმანეთისგან მოშორებით საკულტო, თუ საყოფაცხოვრებო ნაგებობებით გარშემორტყმული. წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია მდებარეობს ნაგებობათა შორის ყველაზე მაღალ ადგილზე, რომელიც წარმოადგენს დარბაზულ ნაგებობას. გეგმაში ეკლესია წარმოადგენს მართკუთხედის ფორმის ნაგებობას ორი შესასვლელით: სამხრეთისა და დასავლეთის მხრიდან. ოთხივე მხრიდან ეკლესია განათებულია, გარედან ვიწრო ხოლო შიგნიდან კი საკმაოდ ფართო სარკმელებით.
ეკლესია ნაგებია უხეშად დამუშავებული მუქი ყავისფერი ფერის ქვით, აქა-იქ ჩართული ბრტყელი აგურის ფილებით. თლილი ქვა გამოყენებულია მხოლოდ კუთხეებში, სარკმელებისა და შესასვლელების ირგვლივ, რომლებიც გამოირჩევა მოყვითალო ფერით. სამხრეთისა და დასავლეთის შესასვლელები მოჩარჩოებულია სხვადასხვა ორნამენტითა და ლილივით, ასევე – აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარკმელები; ხოლო სამხრეთისა და ჩრდილოეთის – სადად დამუშავებული თლილი ქვით და სიბრტყეში ჩაზრდილი ლილვით.
ინტერიერში დარბაზი საკურთხევლისგან გამოყოფილია გვიანი პერიოდის სქელ კედლიანი აგურის კანკელით. საკურთხეველში დგას საკმაოდ ძლიერი წმინდა ტრაპეზის დიდი ზომის ქვა.
დარბაზი დანაწევრებულია წყვილი პილასტრით, რომლის საწყისი იადაკის დონიდან მაღალზეა. აქვეა ორი საფლავის ქვა, მხედრული წარწერით.
შემსრულებელია შპს „ბიჯი+“.