გივი მიქანაძე სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის აპარატსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისს შორის თანამშრომლობის მიმართულებების და პრიორიტეტების განხილვას დაეთმო პარლამენტის აპარატის უფროსის, გივი მიქანაძის და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვითა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლის, იოჰანეს ფან დერ კლაუსის შეხვედრა.
გივი მიქანაძემ სტუმარს პარლამენტის აპარატში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმირების პროცესზე ინფორმაცია გააცნო და აპარატის თანამშრომლებისთვის მომზადებულ საგანმანათლებლო- სატრენინგო კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე, თანამშრომლობის პრიორიტეტებზე საუბრისას, მხარეებმა რამდენიმე მიმართულება გამოკვეთეს. ერთ-ერთი მათგანი, პარლამენტის სასწავლო ცენტრის აქტივობებში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ჩართულობას შეეხებოდა. აღინიშნა, რომ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში უმაღლესი კომისრის ოფისი ორგანიზებას გაუწევს კონკრეტული ტრენინგების და საჯარო შეხვედრების უზრუნველყოფას, რომლებზეც პარლამენტის წევრების და აპარატის თანამშრომლების საჭიროებებიდან გამომდინარე, იმ თემატური ინფორმაციის გაზიარება მოხდება, რომელიც ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კომპეტენციას განეკუთვნება.
შეხვედრაზე იოჰანეს ვან დერ კლაუსმა პარლამენტის კვლევითი ცენტრისთვის შესაბამისი ლიტერატურის გადაცემის და ბიბლიოთეკის ფორმირების კუთხით, თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. „შევთანხმდით, რომ საჭიროების შემთხვევაში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი დააფინანსებს და უზრუნველყოფს გარკვეული მიმართულებების ექსპერტების ჩართულობას. პირველ ეტაპზე ჩვენ გამოვკვეთავთ ამ საჭიროებებს და უმაღლეს კომისარიატს კონკრეტული წინადადებებით მივმართავთ”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელთან შეხვედრისას, სტუმარმა თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა საკითხებზე ოფისის მიერ გამოცემული სახელმძღვანელოების, პარლამენტში პრეზენტაციის გამართვის ინიციატივა გამოთქვა. გივი მიქანაძე მიესალმა წარმოდგენილ წინადადებას და აღნიშნა, რომ მსგავსი ლიტერატურის გაცნობა პარლამენტის წევრებს და აპარატის თანამშრომლებს საერთაშორისოდ დამკვიდრებულ სტანდარტებზე მეტ ინფორმაციას მიაწვდის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული პრეზენტაცია 2019 წლის თებერვლის ბოლოს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ხელმძღვანელობის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შედგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები