თეა წულუკიანი: მაღელვებს, რომ მირზა სუბელიანი ფსიქოლოგიურად და ემოციურად მშვიდად იყოს

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ბრალდებულ მირზა სუბელიანის ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაზე ღელავს. როგორც მან განაცხადა, სუბელიანს თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, კისრისა და ხელების არეში, ასევე სხეულის სხვადასხვა ადგილას სისხლნაჟღენთები აღენიშნება.
„ბატონმა სუბელიანმა, რამდენიმე დღის წინ, სამწუხაროდ, ნამდვილად სცადა თვითმკვლელობა, თუმცა სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების თანამშრომლებმა ის დროულად გადაარჩინეს. არამხოლოდ ამ უბედურების თავიდან აცილებისთვის, არამედ იმ ტიტანური შრომისთვის, რასაც ამ დაწესებულების ხელმძღვანელი და თანამშრომლები ეწევიან, მინდა მადლობა გადავუხადო.
სამხარაულის ბიურომ ექსპერტიზა დროულად ჩაატარა და დაადგინა, რომ კისრისა და ხელების არეში, ასევე სხეულის სხვადასხვა ადგილზე პატიმარს ჰქონდა სისხლნაჟღენთები.
დაცვას უკვე ჰქონდა შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს ენახა თავისი პატიმარი. ღელვის საფუძველი არ არის. ერთადერთი ის მაღელვებს, რომ მოცემული პატიმარი ფსიქოლოგიურად და ემოციურად მშვიდად იყოს. მირზა სუბელიანსა და ყველა პატიმარს, ვინც არ უნდა იყოს ის, ვუსურვებ გამძლეობას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ მირზა სუბელიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს ადვოკატებმა მოინახულეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები