“ქართული ოცნების” ერთ-ერთი დამფუძნებელი, მერაბ შათირიშვილი, ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნის
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი დამფუძნებელი, მწერალი მერაბ შათირიშვილი ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნის. ამის შესახებ შათირიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვაფუძნებთ საზოგადოებრივ მოძრაობას, „თორმეტიანელები ღირსეული საქართველოსთვის“, 21 ოქტომბერს, 17:00 საათზე, პროფკავშირების სასახლეში.
„თორმეტიანელებში“არ იგულისხმება ის, რომ ყველა „თორმეტიანელი“ იმ დროს იყო „ქართული ოცნების“ მომხრე, იგულისხმება ის ძალა, რომელიც გახსოვთ, იყო ყველა ერთის წინააღმდეგ. იმ 8-წლიანმა ჯოჯოხეთმა, რომელიც საქართველომ გამოიარა, აიძულა ხალხი ყველა გაერთიანებულიყო „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. შემდეგ კოჰაბიტაციით მახინჯი პოლიტიკური სიმბიოზი შეიქმნა. პოლიტიკური ველი დანაღმულია მხოლოდ „ქართული ოცნებით“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიებით. სხვა ძალას, ან კანდიდატს შანსი არ აქვს გაიმარჯვოს არჩევნებში“, – განაცხადა შათირიშვილმა.
მისივე თქმით, ხალხს ასეთი დაძაბულობა მობეზრდა.
„ ხალხს ანგარიშს არ უწევენ გადასულები არიან მხოლოდ პოლიტიკურ ქიშპობაზე.
„ნაციონალური მოძრაობის“ 2 კანდიდატი საპრეზიდენტო ინსტიტუციას, წინასწარ ჩანს, რომ გამოიყენებს ქვეყანაში დესტრუქციისთვის, დაპირისპირებისთვის, არეულობისთვისაც. გვინდა, ახლა, 21 ოქტომბერს, არჩევნების წინ, ორივე ძალას, „ნაციონალებს“ მესიჯი გავუგზავნოთ, რომ ხალხი არ დაუშვებს არეულობას. ხელისუფლებას გვინდა, მივანიშნოთ, გონს მოეგონ, ასეთი მახინჯი პოლიტიკური სიმბიოზის შექმნა, ისევ მათ დაღუპავს და დაღუპავს ქვეყანასაც. გვინდა ახალი ძალა წამოვიდეს, რომელიც ორიენტირებული იქნება მხოლოდ ხალხის კეთილდღეობაზე, ქვეყნის აღმშენებლობაზე და არა ჯიბრზე, ქიშპობაზე“, – განაცხადა შათირიშვილმა.
მისივე თქმით, მოძრაობაში იქნებიან მსახიობები, მწერლები, ექსპერტები.
„ამ მოძრაობაში იქნებიან: მამუკა არეშიძე, ნანა ხურითი, პაატა გიორგაძე, ტარიელ ხარხელაური, ლაშა მაზანაშვილი.
მომავალში, არ გამოვრიცხავ შეიქმნას პოლიტიკური ძალა, რომელიც ორიენტირებული იქნება ქვეყნის აღმშენებლობაზე“, – განაცხადა შათირიშვილმა.