ვლადიმერ კონსტანტინიდი: მარია ზახაროვას გამონათქვამები არის ცინიკური მცდელობა იმისა, რომ გამართლება მოუძებნოს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გატაცებების, ეთნიკური დისკრიმინაციის, წამების ფაქტებს

0

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის გამონათქვამები არის ცინიკური მცდელობა იმისა, რომ გამართლება მოუძებნოს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უკანონო დაკავებების, გატაცებების, ეთნიკური დისკრიმინაციის, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს, – ასე პასუხობს, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას. კონსტანტინიდი აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის მორიგ დემონსტრირებას.
„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის გამონათქვამები არის ცინიკური მცდელობა იმისა, რომ გამართლება მოუძებნოს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უკანონო დაკავებების, გატაცებების, ეთნიკური დისკრიმინაციის, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს საოკუპაციო ხაზზე განლაგებული რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ე.წ. მესაზღვრეთა მხრიდან. მსგავსი გამონათქვამები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის მორიგ დემონსტრირებას.
სამწუხაროდ, წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაცია უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, გაეროს ქარტიას, ჰელსინკის დასკვნით აქტს, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და სრულად უგულვებელყოფს ადამიანის უნივერსალურ უფლებებს. რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის შედეგად, სულ უფრო მეტად მძიმდება საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობა. შედეგად მკვიდრი მოსახლეობა მოკლებულია საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილებისა და თავიანთ მიწის ნაკვეთებზე წვდომის შესაძლებლობას.
საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის პროვოკაციული ნაბიჯები ცხადყოფს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადამიანის უფლებათა მონიტორების დაშვების აუცილებლობას.
სიტუაციის დეესკალაციის ერთადერთი წინაპირობაა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მხრიდან უკანონო ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა, ასევე ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება და თავისი სამხედრო ფორმირებების საქართველოს ტერიტორიიდან სრულად გაყვანა“, – განაცხადა ვადიმერ კონსტანტინიდმა.

კომენტარები

კომენტარი