ბრალდებულს, რომელმაც ნაცნობი სამზარეულოს დანით დაჭრა და მიიმალა, 10 წელი მიესაჯა

0

სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ბრალდებული მ.ს. დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 15 იანვარს, თბილისში, განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა მ.ს.-მ პირადი მოტივით გამოწვეული კონფლიქტის დროს მის ნაცნობს ა.ბ.-ს სამზარეულო დანით სხეულის სხვადასხვა ადგილებში მრავლობითი, მათ შორის ერთი სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა მ.ს. 2018 წლის 17 იანვარს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) გათვალისწინებული დანაშაული) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი