მაია ცქიტიშვილი: პრეზიდენტთან კომუნიკაციისთვის მთავრობის სხდომა აუცილებელი არ არის

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ, რომელიც მთავრობის სხდომის მოწვევასა და მასზე დასწრებას ეხებოდა აღნიშნა, რომ მასთან კომუნიკაციისთვის, აუცილებელი არ არის მთავრობის სხდომა.
როგორც მან განაცხადა, ამ პროცედურებთან დაკავშირებით უმჯობესია მთავრობის რეგლამენტის შესწავლა.
„მთავრობის სხდომის ჩატარება რეგულირდება მთავრობის რეგლამენტით და შესაბამისად, მთავრობის რეგლამენტით არ არის გათვალისწინებული მსგავსი პროცედურა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობის ადმინისტრაცია ამასთან დაკავშირებით უფრო დეტალურ კომენტარს გააკეთებს. თუმცა, ამასთან ერთად, პრემიერ-მინისტრის კომენტარიც მოვისმინე, რომ ნებისმიერ სხვა ფორმატში, არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს მთავრობის სხდომა, ღია ვართ ნებისმიერი კომუნიკაციისთვის. უნდა გაეცნოთ მთავრობის რეგლამენტს და უფრო მეტს ამოიკითხავთ ამასთან დაკავშირებით,”- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს შესთავაზა, უახლოეს დღეებში მთავრობის სხდომა პრეზიდენტის მონაწილეობით გაიმართოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები