ვასო ურუშაძე: საქართველოს საავტომობილო გზებზე მდგომარეობა საგანგაშოა

საავტომობილო გზებზე მდგომარეობა საგანგაშოა, – ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვასო ურუშაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ურუშაძემ საგზაო უსაფრთხოების სფეროში მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, ავარიების გაზრდილ რაოდენობასთან დაკავშირებით ისაუბრა. მესამე სექტორი პრემიერთან შეხვედრას ითხოვს.
„გზებზე საგანგაშო მდგომარეობა განპირობებულია იმით, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან მიმართებით, გვყავს უპასუხისმგებლო ხელისუფლება და მთავრობა. გვყავს ხელისუფლება, რომლის უმოქმედობა კლავს ჩვენს მოქალაქეებს. მათი გულგრილი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არის იმის განმაპირობებელი, რომ ჩვენს საავტომობილო გზებზე ყოველწლიურად 600-მდე ადამიანი იღუპება და 10 000-მდე ადამიანი იღებს დაზიანებას. წლებია ამაზე ვსაუბრობთ, წლებია არაერთი რეკომენდაცია გვქონდა. არაერთი ნაბიჯი გადაიდგა სახელმწიფოს მხრიდან დადებითი მიმართულებით, თუმცა, სამწუხაროდ, ყველა ამ ნაბიჯს თან სდევდა არამხოლოდ ის ინტერესები და მოტივები, რომ გაუმჯობესებულიყო მოძრაობის უსაფრთხოების სტანდარტი ქვეყანაში, არამედ თან სდევდა გარკვეული პირების, დაჯგუფებების გარკვეული ინტერესები.
ამ სფეროს პრობლემები, რომელიც კომპლექსურია, უნდა იყოს მოქცეული ერთიან პოლიტიკაში, სტრატეგიაში. ამას უნდა ჰყავდეს პასუხისმგებელი პირი ხელისუფლებიდან, რომელსაც ექნება ანგარიშვალდებულება, როგორც არასამთავრობო სექტორთან, ასევე საზოგადოებასთან, მედიასთან. სამწუხაროდ, ასეთი სახელმწიფო მოხელე, დღეს, არ გვყავს“, – განაცხადა ვასო ურუშაძემ.
შეგახსენებთ, საგზაო უსაფრთხოების სფეროში მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში გაზრდილი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.
მათი ინფორმაციით, „2018 წლის იანვარ – აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში მოხდა 4 196 საგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც დაიღუპა 307 ადამიანი და დაშავდა 5 989 პირი. მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საქართველოში საგზაო შემთხვევათა რაოდენობა 7%-ით (292 შემთხვევით მეტი) დაშავებულთა კი – 8%-ით გაიზარდა (443 პირით მეტი დაზიანდა).

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები