კახა კალაძემ ზედამხედველობის განახლებული სამსახური – მუნიციპალური ინსპექცია წარადგინა (ვიდეო)

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქალაქში ურბანულ წესრიგზე პასუხისმგებელი, ზედამხედველობის განახლებული სამსახური-მუნიციპალური ინსპექცია წარადგინა.
როგორც კახა კალაძემ პრეზენტაციისას აღნიშნა, თბილისის მთავრობას კარგად აქვს გაცნობიერებული ყველა ის გამოწვევა, პრობლემა და მოსაგვარებელი სფეროები, რაც დედაქალაქში წესრიგის დამყარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ერთ-ერთი ის მძლავრი საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც, დედაქალაქი თანამედროვე, მოწესრიგებულ ევროპულ ქალაქს დაემსგავსება.
დედაქალაქის მერმა განახლებული სამსახურის ფუნქცია-მოვალეობებზეც ისაუბრა, რომელთა შორის: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობებზე მიმდინარე სამუშაოებისა და უნებართვო მშენებლობების კონტროლი; სანებართვო პირობების დარღვევების გამოვლენა; სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დაცვა; მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლოატაციაში მიღება და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობა; უნებართვო გარე ვაჭრობისა და დასუფთავების წესების დარღვევების გამოვლენა-აღკვეთა; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა; რეკლამის გავრცელების წესების კონტროლი და ხმაურის ნორმების გადაჭარბების ფაქტების აღკვეთა იქნება.
„ყველაფერი ეს მთლიანობაში არის საჭირო დედაქალაქის იერსახის მოსაწესრიგებლად, ეკოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად, უსაფრთხოებისა და სხვა სტანდარტების დასაცავად. მოქალაქეებისგან ხშირად შემოდის ცნობები შემდეგ დარღვევებზე: დაბინძურებისა თუ ქალაქის ქონების ვანდალურად დაზიანების, კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფის, მშენებლობებზე დადგენილი ნორმების დარღვევის შესახებ. ჩვენ ასეთი ჩართულობა და თანამონაწილეობა გვაძლევს 24-საათიანი მუშაობის სტიმულს, ასევე, გვავალდებულებს, რომ თბილისელებს არ გავუცრუოთ იმედები და ყოველთვის დავიცვათ ქალაქის, თითოეული უბნის, ქუჩის, ეზოს თუ ოჯახის უფლებები“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე განმარტებით, მუნიციპალური სამსახურების დახმარებით, თბილისზე ზრუნვა და საზოგადოებრივი ქონების გაფრთხილება მოხდება.
„როცა მერად ამირჩიეს ეს სამსახური დაახლოებით, 147 თანამშრომლისგან შედგებოდა, მოძველებული იყო ავტოპარკი და ტექნიკური აღჭურვილობა. დღეს ჩვენ უკვე წარმოგიდგენთ თბილისის მერიის მომძლავრებულ მუნიციპალურ ინსპექციას, რომელსაც ფუნქციები და უფლებამოსილებები გაეზარდა, აღიჭურვა ახალი ტექნიკური შესაძლებლობებით, გაორმაგდა თანამშრომლების რიცხვი და განახლდა ავტოპარკი. ამ სამსახურს წინ ელის კოლოსალური შრომა და მათი საქმიანობის ეფექტურობა თბილისელების თანადგომასა და ხელშეწყობაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა კახა კალაძემ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები