ჯანდაცვის მინისტრი: საქართველოში საბედნიეროდ, ტუბერკულოზის შემთხვევები მცირდება – ვისაც ეს სჭირდება, მკურნალობა უფასოა

0

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, საქართველოში ტუბერკულოზის შემთხვევები მცირდება. როგორც მან ტუბერკულოზთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის ანგარიშის შესახებ რეგიონული ოფისის კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა, ქვეყანაში ტუბერკულოზს ზუსტად იმავე სახით მკურნალობენ, როგორც დასავლეთ ევროპაში.
„ძალიან მოკლე მონაკვეთმა გაიარა, რაც ნიუ-იორკში, გაერო-ში იგივე თემაზე ძალიან მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან გაჟღერდა ტუბერკულოზთან ბრძოლის აუცილებლობა. ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ჩართულობის საფუძველი და პრაქტიკულად იმის გარანტია, რომ ჩვენ, როგორც წევრი ქვეყანა, აქტიურად ვიქნებით ჩართული ამ მიმართულებაში. საქართველოში, საბედნიეროდ, ტუბერკულოზის შემთხვევები მცირდება. ყველასათვის, ვისაც კი ეს სჭირდება, მკურნალობა უფასოა, სახელმწიფო აფინანსებს ამას. რაც შეეხება დანიშნულებას და მკურნალობის სქემას, ეს არის ზუსტად იგივე, რაც დასავლეთ ევროპაშია”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
ცნობისათვის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველო 2016 წლიდან ამოღებულია მულტირეზისტენტული (წამალგამძლე) ტუბერკულოზის ე.წ. მძიმე ტვირთის მქონე ქვეყნების სიიდან, თუმცა რეზისტენტული ტუბერკულოზის საფრთხე ქვეყანაში კვლავ ნარჩუნდება და შემდგომ აქტიურ ქმედებებს მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარი