სოფლის მეურნეობის მიმართულებით ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში მოისმინეს

სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის ექვსი თვის შესრულების შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში მოისმინეს ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.
სხდომაზე ანგარიში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ წარადგინა. მან დეტალურად ისაუბრა ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებითა და მის შემდგენელი ნაწილის – ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების, კონკრეტულად სანიტარია- ფიტოსანიტარია და ასევე სოფლის მეურნეობის სექტორალური თანამშრომლობის ნაწილში აღებული ვალდებულებების, შესრულების შესახებ ძირითადად წლევანდელი წლის ექვსი თვის მდგომარეობის მიხედვით.
მისი თქმით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების მიხედვით, წელს განსაზღვრულია, რომ საქართველო უნდა დაუახლოვდეს 24-მდე სამართლებრივ აქტს, რომელთაგან ოთხი უკვე მიღებულია, ექვსი სამართლებრივი აქტი კი მომზადებულია და მიმდინარეობს კონსულტაციები სხვადასხვა უწყებასთან, რამდენიმე სამართლებრივი აქტი კი საქართველოსთვის რელევანტურად არ ჩაითვალა და მათ მიმართ დაახლოების პროცედურები სავარაუდოდ არ განხორციელდება.
მომხსენებლის განცხადებით, დაახლოების პროცესის პარალელურად მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა და მათთან კომუნიკაცია, რადგან ახალი რეგულაციების დანერგვა გარკვეულ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს და სამინისტრო ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს. ფერმერებისთვის არსებობს მთელი რიგი პროგრამები, თუ როგორ მოახდინონ ადაპტაცია ახალ გარემოსთან, რაც შეიქმნა ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირებისა და ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებით.
როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ უკვე მიმდინარე სხვადასხვა პროგრამასთან ერთად, სამინისტრომ წელს დაიწყო კიდევ ერთი ახალი პროგრამის – ახალგაზრდა მეწარმეების განვითარების პროგრამის განხორციელება, რომელიც დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით საკამოდ წარმატებით ხორციელდება. მისივე თქმით, მომავალი წლიდან კი საქართველოში ბიოწარმოების განვითარებისათვის მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყება. მან ასევე დეტალურად უპასუხა პარლამენტის წევრების კითხვებს.
სხდომის შედეგები შეაჯამა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ, რომელმაც მომხსენებელს ამომწურავი ინფორმაციისთვის მადლობა გადაუხადა.
„ის პროცესი, რომელსაც ევროკავშირის სტანდარტებთან და საკანონმდებლო ბაზასთან ჰარმონიზაცია ჰქვია, საკმაოდ შრომატევადია და მსურს თქვენს გუნდს დიდი მადლობა გადავუხადო ამ ფასდაუდებელი შრომისთვის, რაც გასწიეთ. რა თქმა უნდა, პროცესი ასევე არ არის მარტივი. ვეთანხმები კერძო თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, რომ მნიშვნელოვანია კომუნიკაცია და ნებისმიერი ფორმატი ამ მიმართულებით მისაღებია. მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრები შეხვედრებისთვის არ გაიმართოს. რაც შეეხება პროცესს – რთულია, რადგან მას სდევს დიდი ხარჯები, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც თავიანთი წარმოების მასშტაბებით და კრიტიკული მასით ფერმერული მეურნეობები საქართველოში მცირეა და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კოოპერირება და მეორე დონის კოოპერატივები არის გამოსავალი. ჩვენი ძირითადი მიზანი, ალბათ, მაინც ისევ უნდა დარჩეს ნიშური წარმოება არა იაფიანი, არამედ მაღალხარისხიანი პროდუქტების და შეზღუდული რაოდენობის, თუნდაც ჩვენი სასოფლო-სამეურნეო რესურსებიდან, მათ შორის, მიწის რესურსებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აშკარაა წინსვლა – დღეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოების ხარისხობრივ ნაწილში პროგრესი სახეზეა და შედარებაც არ შეიძლება იმასთან, რაც რამდენიმე წლის წინ იწარმოებოდა, ამის ნათელი მაგალითია თუნდაც რძისა და რძის პროდუქტების რეგლამენტის დანერგვა, რომელმაც ძალიან დიდი შედეგი გამოიღო და გაზარდა რძეზე მოთხოვნა.
„ამგვარად, ეს არის პროცესი, რომელიც არ უნდა შეფერხდეს და ჩვენ შეგვიძლია კომიტეტის და პარლამენტის მხრიდან მაქსიმალური საკანონმდებლო მხარდაჭერა აღგითქვათ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ვისმენთ ანგარიშს იმ პროცესებსა და მიმდინარეობასთან დაკავშირებით, რასაც ევროკავშირთან ჰარმონიზაცია ჰქვია, საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ, უფრო უკეთეს კომუნიკაციას წარმოადგენს, რათა საერთო ჯამში დავინახოთ – სად არის ჩვენი სამიზნე, რისთვის ვაკეთებთ ყველაფერ ამას. ეს მოსმენები ნათლად გვანახებს, რომ ეს არ კეთდება მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ მოვახდინოთ ევროსტანდარტებთან ჰარმონიზება, ჩვენ ვაკეთებთ ამას პირველ რიგში ჩვენი მოსახლეობისთვის და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისათვის, რათ მივიღოთ ყველა ის სიკეთე, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის ნაწილში გვაქვს გაფორმებული და ვართ ლიდერი სახელმწიფო რეგიონში“, – განაცხადა ოთარ დანელიამ, სამინისტროს წარმომომადგენლებს შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და საკანონმდებლო დონეზე მხარდაჭერა აღუთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები