სატყეო სააგენტო, პანკისის ხეობაში, წითელ ნუსხაში შეტანილი არჩვის მოკვლის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ეროვნული სატყეო სააგენტო, პანკისის ხეობაში, წითელ ნუსხაში შეტანილი არჩვის მოკვლის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს, პანკისის ხეობაში დაფიქსირდა წითელი ნუსხით დაცულ სახეობაზე უკანონო ნადირობის ფაქტი, რომელშიც, წინასწარი მონაცემებით, მხილებულნი არიან კახეთის სატყეოს სამსახურის თანამშრომლები: ბ.ქ., ა.ბ. და ვ.ნ. ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის გადაგზავნილია შინაგან საქმეთა სამინისტროში.
დანაშაულში მხილებულმა თანამშრომლებმა უკვე დატოვეს დაკავებული თანამდებობები.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სააგენტო აცხადებს, რომ ერთეული ადამიანების მიერ ჩადენილი არამართლმზომიერი ქმედებების გამო, ჩრდილი ადგება სააგენტოს თანამშრომელთა იმ უდიდეს ნაწილს, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად კეთილსინდისიერად ასრულებს მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს და იცავს ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ საგანძურს – საქართველოს ტყეს და მის ბიომრავალფეროვნებას.
პანკისის ხეობაში, ხადორჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადამოწმების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გააჩერეს მოქალაქეები, რომლებსაც აღმოაჩნდათ რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ჩეზეს მარკის 3 ცალი შაშხანა, სავარაუდოდ, საბრძოლო ვაზნებით და ასევე მოკლული და დანაწევრებული 1 ერთეული მამალი არჩვი“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები