ივანე მაჭავარიანი ტაო ჟანგს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ტაო ჟანგს შეხვდა.
შეხვედრას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე დაესწრო.
მხარეებმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” პროგრამის მიმდინარეობა და 2018 წლის ფისკალური მაჩვენებლები მიმოიხილეს, ასევე, ისაუბრეს ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობისა და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმების შესახებ.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ შესრულებულია პროგრამით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი.
სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის ძირითადი პრინციპებია გათვალისწინებული 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრების შემუშავებისას, რაც გულისხმობს მიმდინარე ხარჯების ზრდის შეზღუდვას, საბიუჯეტო დეფიციტის ეტაპობრივ შემცირებას და არსებული რესურსის მიმართვას ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.
ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პარტნიორობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა,რომ ნაყოფიერი იქნება სსფ-ის მისიის შეხვედრები, რომელიც თბილისში ოქტომბერში შედგება.
თავის მხრივ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი კვლავ ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას რეფორმების განხორციელების პროცესში, რომელთა მიზანია მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები