გიორგი ქობულია: ჩვენი პრიორიტეტი ეკონომიკის რეალურ სექტორში ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვაა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე, დღეს კონფერენცია “საქართველო – ინვესტორთა დღე” გაიმართა. კომპანია Galt&Taggart -ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას 130 მსხვილი საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენელი ესწრება. კონფერენციაზე სიტყვით პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გამოვიდა. ის ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრა.
კონფერენციაზე შეკრებილ ინვესტორთა წინაშე საქართველოს ეკონომიკური ტენდენციებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ვრცელი პრეზენტაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ წარადგინა. მან განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ეკონომიკის მდგრადობაზე რეგიონის სხვა ქვეყნებში ეკონომიკური ვითარების გაუარესებით გამოწვეულ გავლენათა მიმართ გაამახვილა.
გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ეკონომიკის რეალურ სექტორში ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვაა, ინვესტიციების მაღალტექნოლოგიურ დარგებში განხორციელება და ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერი. მისი თქმით, მთავრობა ინვესტირებას საქართველოში განათლების სექტორში და ისეთი მოდელის ამოქმედებას გეგმავს, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ადგილობრივი კადრების კონკურენტუნარიანობას არა მხოლოდ შიდა, ასევე რეგიონალურ შრომის ბაზრებზე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებაზე, სადაც ინვესტიციების მოცულობა ბოლო პერიოდში პერმანენტულად იზრდება. ამავე დროს, მან სხვა სექტორებზეც ისაუბრა, სადაც დიდია საინვესტიციო მიმზიდველობის ხარისხი. მათ შორის, გიორგი ქობულიამ დაასახელა ენერგეტიკა, გადამამუშავებელი წარმოება, ტექსტილი, ფინანსური სექტორი, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი, უძრავი ქონება, სასტუმროები და რესტორნები და სხვ.
გიორგი ქობულიამ ბრიტანელ ინვესტორებს საქართველოს უახლესი პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში გააცნო, რომლებიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოში ბიზნეს მეგობრული კანონმდებლობის არსებობას.
კონფერენციამდე ეკონომიკის მინისტრმა, საქართველოს მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, მონაწილეობა ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოსადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალში მიიღო. ჟურნალისტებთან საუბრისას, გიორგი ქობულიამ იმედი გამოთქვა, რომ ლონდონის საფონდო ბირჟის ლისტინგში უფრო მეტი ქართული კომპანია იქნება წარმოდგენილი.
„ეს იმას ნიშნავს, რომ ინვესტორები მსოფლიოდან ამ საფონდო ბირჟის გავლით შემოიტანენ თანხებს საქართველოში და განახორციელებენ ინვესტიციებს. პრაქტიკულად, ეს იქნება საქართველოსთვის უცხოურ ვალუტაში ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი ძალიან ეფექტური საშუალება,“ – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები