თავდაცვის სამინისტრო: შაშკინის განცხადება, რომ 28 ოქტომბერს სამხედრო პირებს არჩევანის უფლება არ ექნებათ, მცდარია

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი არჩილ ომიაძე, დღეს გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი განმარტებით, შაშკინის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ 28 ოქტომბერს სამხედრო პირებს არჩევანის უფლება არ ექნებათ, მცდარია.
როგორც მან აღნიშნა, ყოველივე ეს შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციას ემსახურება.
“ჩვენი შეხვედრის მიზანია საზოგადოების ინფორმირება ცილისწამებაზე, რომელსაც ავრცელებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი. კერძოდ, საქართველოს შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მიზნით შაშკინი ავრცელებს წინასწარ შეცნობით ყალბ ინფორმაციას, თითქოს 28 ოქტომბერს სამხედრო პირებს არ ექნებათ არჩევანის უფლება და ცდილობს, ეს ცრუ ბრალდება დაასაბუთოს სპეციალური საარჩევნო უბნების გაუქმებით. სპეცუბნები დიდი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებდა 2016 წლამდე, მაგრამ, ამასთანავე, თითქმის ყველა პარტია და ადგილობრივი და საერთაშორისო კვალიფიციური სადამკვირვებლო ორგანიზაცია თვლიდა, რომ აღნიშნული ტიპის უბნებს ინსტრუმენტად იყენებდნენ არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის კუთხით. სწორედ ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება და სპეციალური უბნები მთელს შეიარაღებულ ძალებში გაუქმდა, გარდა ავღანეთისა”, – განაცხადა არჩილ ომიაძემ.
მისივე თქმით, სამხედრო მოსამსახურეები არჩევნებზე ხმას მათი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით აძლევენ.
„მათ გაუქმებას არანაირი უარყოფითი ზეგავლენა არ მოუხდენია სამხედრო სამსახურებზე საარჩევნო უბნებზე გამოხატულების კუთხით, რადგან ცვლილებების შედეგად, სამხედრო მოსამსახურეები ხმას აძლევენ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ხოლო ის მოსამსახურეები, რომელთა სამსახურის პირობები ან ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება, ხმას აძლევენ დისლოკაციის ადგილთან ახლომდებარე საარჩევნო უბანზე, ხოლო ნაწილი გადასატანი ყუთების მეშვეობით”, – აღნიშნა არჩილ ომიაძემ.
ამასთან, არჩილ ომიაძემ დიმიტრი შაშკინის იმ ბრალდებებსაც უპასუხა, რომლის მიხედვითაც, ავღანეთში მყოფი სამხედროების როტაცია ემთხვევა ისეთ თარიღებს, როდესაც საარჩევნო უბნების შეზღუდვაა შესაძლებელი.
“მსურს, სწორი ინფორმაცია მოგაწოდოთ, ავღანეთის როტაციის ვადებთან დაკავშირებით, შაშკინის განცხადებაში ნათქვამია, რომ როტაცია ემთხვევა ისეთ თარიღებს, რომ შეიზღუდოს კონტიგენტში მონაწილე პირადი შემადგენლობის საარჩევნო უბნები. რა თქმა უნდა, ესეც არის სრული სიცრუე, ვინაიდან, გადასროლის ოპერაცია დასრულებულია და ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები ხმას მისცემენ 2 ლოკაციაზე – ბაგრამის საავიაციო და “მარმალის” ბაზებზე, ხოლო კონტიგენტი, რომელმაც მისია შეასრულა და საქართველოში არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე დაბრუნდება, ამ პერიოდისათვის იქნებიან შვებულებაში და განახორციელებენ თავიანთ უფლებას საცხოვრებელი მისამართების მიხედვით”,- აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ დიმიტრი შაშკინმა სააგენტო “ნიუპოსტთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ სამხედროები 28 ოქტომბერს საკუთარი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობას ვერ შეძლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები