კახა კალაძე: თბილისი და ბრისტოლი 30 წელია დაძმობილებული ქალაქები არიან

0

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბრისტოლის მერთან, მარვინ რისთან ერთად, „თიბისი ბანკისა“ და ბრისტოლის „სავაჭრო გილდიის“ ორგანიზებით გამართულ ბიზნესფორუმს დაესწრო.
კონფერენცია თბილისისა და დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბრისტოლის დაძმობილების 30 წლის იუბილეს ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის ბიზნესკავშირების ხელშეწყობის მიზნით ჩატარდა. ბიზნესფორუმის მიზანი ბრიტანული კომპანიებისთვის საქართველოში არსებული საინვესტიციო პოტენციალისა და ბიზნესკლიმატის გაცნობაა.
თბილისის მერმა კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ქართულ და ბრიტანულ ბიზნესსექტორებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მსგავსი ფორუმები ორ ქალაქს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ ბრისტოლი და თბილისი 30 წელია დაძმობილებული ქალაქები არიან. გუშინ, ბრისტოლის მერთან შეხვედრაზე სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ, თუ რა მიმართულებით არის შესაძლებელი თანაშრომლობა. ეს სფეროებია ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ღამის ეკონომიკის განვითარება, რაშიც ბრისტოლს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ასევე, ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ეკოლოგია წარმოადგენს. 2015 წელს ბრისტოლი ყველაზე მწვანე ქალაქი გახდა. შესაბამისად, ბრისტოლის გამოცდილების გაზიარება და იმ პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანი იქნება, რომელიც ჩვენს ქალაქს შესაძლებლობას მისცემს, ყველაზე სუფთა, მწვანე და მოწესრიგებული იყოს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ ასევე, დედაქალაქში ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში ბიზნესგარემო დაცულია.
„თუ გადავხედავთ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ შეფასებებს, საქართველო ბიზნესგარემოს კუთხით, ლიდერ ქვეყნებს შორისაა. ეს არის გამჭვირვალობა, ბიზნესის დაცულობა. ყველა ის ინვესტიცია, რომელიც დედაქალაქში ხორციელდება, მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საბანკო სექტორი განვითარებულია, ბიზნესსა და საბანკო სექტორს შორის ურთიერთობა კი მაღალ დონეზეა აყვანილი. ურთიერთთანამშრომლობით ჩვენ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას შევძლებთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
ბრისტოლის მერმა კახა კალაძეს ორ დაძმობილებულ ქალაქს შორის არსებული 30-წლიანი ურთიერთობების ნიშნად, სიმბოლური საჩუქარი – ქალაქის ვალუტა, ბრისტოლის ფუნტი გადასცა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
ღონისძიებაში თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი, ბრისტოლის სავაჭრო პალატის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმს დური, ქართული და ბრიტანული ბიზნესწრეებისა და „თიბისი ბანკის“ მენეჯმენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი