თამარ ჩუგოშვილი: რუსეთი არ ასრულებს არცერთ ნაკისრ ვალდებულებას ევროსაბჭოს წინაშე

„შანტაჟი შემიძლია ვუწოდო იმას, რაც ხდება ევროსაბჭოში ბოლო პერიოდის განმავლობაში. რუსეთი არ ასრულებს არცერთ ნაკისრ ვალდებულებას ევროსაბჭოს წინაშე, არ იხდის საწევრო გადასახადს, რომელსაც სხვა წევრები იხდიან და ამბობს, რომ თუ უპირობოდ არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები, მაშინ დატოვებენ ევროსაბჭოს“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომელიც სტრასბურგში იმყოფება და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაში მონაწილეობას იღებს.
„რუსეთმა უნდა შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც აღებული აქვს, როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს წინაშე და თუ ის ამ ვალდებულებებს შეასრულებს, მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ ჩვენ სანქციების მოხსნაზე და არა სანქციების მექანიზმის გაუქმებაზე“,- აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, თუ ევროსაბჭო რუსეთის შანტაჟს დაჰყვება, ეს მძიმე შედეგების მომტანი იქნება.
„საკმაოდ ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს მის პოზიციას. ვფიქრობ, რომ ევროსაბჭო აცნობიერებს რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ამ შანტაჟს დაჰყვება ეს ორგანიზაცია და ეს ძალიან მძიმე შედეგი იქნება ყველასთვის. ამიტომ ამ ვითარებიდან გამომდინარე, საკმაოდ რთული დისკუსიები იქნება ამ კვირის განმავლობაში. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ევროსაბჭო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც ამ ორგანიზაციის სულისკვეთებას ეხმიანება ანუ წევრი ქვეყნების ვალდებულებას, რომ პატივი სცენ ადამიანის უფლებებს და დემოკრატიულ სტანდარტებს. ჩვენი ქვეყნის დელეგაციის პოზიციაა, რომ მექანიზმი დარჩეს ისე როგორც დღეს მუშაობს. სანქცირების მექანიზმი არ უნდა გაუქმდეს და რუსეთს მოეთხოვოს მის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები