“რუსეთი ე.წ. ლუგარის ლაბორტორიას საქართველოს და საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების დასაშანტაჟებლად იყენებს”

პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის განცხადებით, რუსეთი ე.წ. ლუგარის ლაბორატორიას შანტაჟისთვის იყენებს. ამასთან დაკავშირებით ჩიტაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული განცხადებები საინფორმაციო ომის წარმოების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და საერთაშორისო საზოგადოებას შესაბამისი ინფორმაციაც გააჩნია იმასთან დაკავშირებით, რომ ლუგარის ლაბორატორიაში, საქართველოს ტერიტორიაზე არანაირი ბიოლოგიური და ბაქტერიოლოგიური იარაღი არ მზადდება. საქართველო, ჯერ კიდევ, გასული საუკუნის 90-იანი წლებში შეურთდა საერთაშორისო კონვენციებს და აიღო პასუხისმგებლობა, თავის ტერიტორიაზე არ აწარმოოს არანაირი ბიოლოგიური იარაღი.
რაც შეეხება რუსეთის მხრიდან ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებულ განცხადებებს, ეს გახლავთ საინფორმაციო ომის წარმოების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ვიცით, რომ რუსეთის ერთ-ერთი მიზანია, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს დისკრედიტაცია. თავის დროზე, გახსოვთ, იყო განცხადებები, რომ საქართველო მფარველობდა ტერორისტულ დაჯგუფებებს პანკისის ხეობაში, რომ საქართველო ნარკოტიკების ტრანზიტისთვის ხელსაყრელ ტეროტორიას წარმოადგენს და ხელს უწყობს ნარკოტიკების საერთაშორისო ტრანზიტს. რამდენჯერმე ყოფილა განცხადება ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით. ამის მიზეზი რამდენიმეა, ერთ-ერთი ის, რომ მოხდეს საქართველოს დისკრედიტაცია, მათ შორის, რუსეთის საზოგადოების თვალში, რომ, პირიქით, საქართველოა აგრესორი ქვეყანა, რომელიც ავრცელებს გარკვეული ტიპის ბაქტერიოლოგიურ დაავადებას რუსეთის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ესაა გარკვეული პასუხი დასავლეთის მიმართ, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, რუსეთის რამდენჯერმე დისკრედიტება მოხდა, მათ შორის გვახსოვს ლიტვინენკოს საქმე, სკრიპალების საქმე. რუსეთმა დაიწყო სხვა ინფორმაციის გავრცელება, როცა რაიმე საერთაშორისო ტრიბუნაზე რუსეთს ბრალს დასდებენ ბაქტერიოლოგიური იარაღის წარმოებასა და გამოყენებაში, რუსეთი, მათი აზრით, შესაბამის პასუხს გასცემს, რომ ლუგარის ლაბორატორია, რომელიც აშშ- საქართველოს ერთობლივი თანამშრომლობის შედეგია, ეწევა უკანონო საქმიანობას. ეს შანტაჟის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, თუ ვთქვათ, მოხდა შემდგომშიც ლაბორატორიაში ბაქტერიოლოგიური იარაღის წარმოება, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იქნება მიმართული, ამ შემთხვევაში რუსეთმა შესაძლოა, გარკვეული ზომები მიიღოს. ანუ როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების დაშანტაჟება ხდება“, – განაცხადა ჩიტაძემ.
მისივე თქმით, რუსეთმა, შესაძლოა, შანტაჟის სხვა ფორმებსაც მიმართოს.
„საქართველოს შემთხვევაში, რუსეთის შემოჭრა და ფართომასშტაბიანი ოპერაციის განხორციელება გამორიცხულია, შესაძლებელია, რუსეთმა შანტაჟის სხვა ფორმებს მიმართოს, მაგალითად, გადაკეტოს სატრანსპორტო მაგისტრალი, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს ერთმანეთთან აკავშირებს. შესაძლოა, საქართველოს წინააღმდეგ კვლავ გარკვეული ეკონომიკური სანქციები შემოიღოს. იგივე კარასინი საუბრობდა იმაზე, რომ ქართული ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსულ ბაზარზე რეალიზდება. რუსეთს შეუძლია საქართველოს დაშანტაჟება იმით, რომ კვლავ გადაკეტავს ბაზარს ქართული კომპანიებისთვის“, – განაცხადა ჩიტაძემ.
შეგახსენებთ, წლების განმავლობაში რუსეთი ე.წ. ლუგარის ლაბორატორიას საფრთხესთან აიგივებს. ბიოლოგიური იარაღის დამზადება, საშიში ვირუსების გავრცელება – კრემლის მიერ გავრცელებული ხშირი მესიჯებია ლუგარის ლაბორატორიის შესახებ.
დაახლოებით 2 კვირის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან საქართველოში არსებულ „ლუგარის ლაბორატორიაში“ განთავსებული „ამერიკული სამხედრო კონტინგენტის არაკეთილსინდისიერი როლის“ შესახებ ოფიციალური განმარტება მოითხოვა. ამის შესახებ მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. მან ვაშინგტონისადმი მიმართვის საფუძვლად საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის განცხადებები დაასახელა.
პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმის ორგანიზების ბრალდებით, საქართველოს მიერ ძებნილმა იგორ გიორგაძემ 11 სექტემბერს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თბილისში მდებარე “ლუგარის ლაბორატორიაში” ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენ და ბიოლოგიურ იარაღს ცდიან.
გიორგაძის მტკიცებით, საქართველოდან მოპოვებული დოკუმენტებით, 2015 წელს, ლაბორატორიაში ერთ დღეს გარდაიცვალა C ჰეპატიტით დაავადებული 24 ადამიანი, რომლებიც ექსპერიმენტული მკურნალობის კურსს გადიოდნენ და ანტივირუსულ პრეპარატს იღებდნენ. მისივე თქმით, „ლუგარის ლაბორატორიაში“ შემუშავებულმა ვირუსებმა შესაძლოა, უპრობლემოდ შეაღწიეს სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის რუსეთში.
„საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი,“ რომელიც სენატორ რიჩარდ ლუგარის სახელობისაა, თბილისში აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს დაფინანსებით აშენდა. ცენტრი 2011 წელს გაიხსნა, ის საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ექვემდებარება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე დღის წინ სპეციალური პრესკონფერენცია გამართა.
“ეს მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა. სინამდვილეში ლუგარის ლაბორატორია გახლავთ მაღალი დონის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სამეცნიერო კვლევითი ცენტრი რეგიონში და აქვს მრავალმხრივი დანიშნულება. პირველ რიგში, ის მიმართულია ადამიანთა სხვადასხვა ინფექციური დაავადების დროული დიაგნოსტიკისა და გამომწვევი აგენტების იდენტიფიცირებისკენ. ლაბორატორიას აქვს რეგიონული დატვირთვა, რამეთუ, აქ ტარდება ზოგი ისეთი ექსკლუზიური კვლევა, რომელიც მხოლოდ ამ ლაბორატორიისთვის არის ხელმისაწვდომი”, – განაცხადა გამყრელიძემ.
ლუგარის ცენტრი“ აშშ-ის ობიექტებს არ განეკუთვნება, არამედ საქართველოს შესაბამის უწყებას ეკუთვნის. ამის შესახებ „რია ნოვოსტისთან“ საუბარში პენტაგონის წარმომადგენელმა, ერიკ პაჰონმა განაცხადა.
პაჰონის თქმით, ცენტრის მისიაა, წვლილი შეიტანოს ადამიანებისთვის ბიოლოგიური საფრთხისგან დაცვაში, ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობის დაცვაში, ინფექციური დაავადებების აღმოჩენის გზით, ეპიდემიოლოგიური ვითარების შესწავლით, ასევე, კვლევების ჩატარებით საქართველოს, კავკასიის რეგიონისა და მსოფლიო საზოგადოების საკეთილდღეოდ.
შეგახსენებთ, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ თუ რუსეთს სურს ჭეშმარიტების დადგენა, შეუძლია, გამოგზავნოს სპეციალისტები, დაათვალიერონ ლუგარის ლაბორატორია და დაესწრონ საერთაშორისო სემინარს.
„გრიგორი კარასინი ლუგარის ლაბორატორიის საკითხს შეეხო. მე გავიმეორე, რომ რუსეთის საქართველოსთან დამოკიდებულება არის არასწორი. ერთია, როდესაც ისინი არკვევენ ურთიერთობებს დასავლეთთან და მეორეს მხრივ, როდესაც ისინი საუბრობენ მეზობელ სახელმწიფოზე და ლაბორატორიაზე, რომელიც ამ სახელმწიფოს საკუთრებაა და ტრანსპარენტულ რეჟიმში მუშაობს. რამდენჯერმე ვუთხარით, რომ ამ ლაბორატორიის კარი ღიაა ყველასთვის, ყველა ქვეყნის მეცნიერისთვის. რუსი სპეციალისტები ჩამოდიოდნენ ამ წლების მანძილზე და ძალიან კარგ შეფასებას აძლევდნენ ლაბორატორიას. 14-15 ნოემბერს იქ ტარდება საერთაშორისო სემინარი და ორგანიზატორებმა რუსი ექსპერტებიც მოიწვიეს. თუ აინტერესებთ, დღეს როგორ გამოიყურება ეს ლაბორატორია, თუ სურთ სიმართლისა და ჭეშმარიტების გარკვევა, შეუძლიათ ჩამოვიდნენ დაესწრონ სემინარს. მაგრამ, როგორც ჩანს, მათ სხვა მიზნები და ინტერესები აქვთ“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები