ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში (Annual Meetings 2018) მონაწილეობას მიიღებს. შეხვედრები 8-14 ოქტომბერს, ინდონეზიაში იმართება.
ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა მაღალი დონის შეხვედრაში, მათ შორის, ივანე მაჭავარიანი სიტყვით გამოვა მინისტერიალზე, რომელიც უკავშირდება მსოფლიო ბანკის ახალ გლობალურ ინიციატივას „ადამიანური კაპიტალის განვითარების პროექტის შესახებ” და ითვალისწინებს ინტენსიური რეფორმების განხორციელებას განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დასახელდა, დაახლოებით, 20 ქვეყანას შორის, სადაც პირველად დაიწყება აღნიშნული პროექტის ინიცირება. (საქართველო შერჩეულ 5 ქვეყანასთან და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ ჯიმ კიმთან ერთად, ოფიციალურად წარადგენს აღნიშნულ ინიციატივას).
მსოფლიო ბანკის მხრიდან აღნიშნული ინიციატივის განხორციელების მიზნით იგეგმება მრავალმხრივი მხარდაჭერა. საქართველოს მონაწილეობა პროექტში განპირობებულია აღნიშნულ სექტორში რეფორმირების აქტიური ინიცირებით.
ვიზიტის ფარგლებში, ივანე მაჭავარიანი, ასევე, გამართავს მაღალი დონის ორმხრივ მოლაპარაკებებს. კერძოდ, ფინანსთა მინისტრი შეხვდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, მსოფლიო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის, ასევე, მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცეპრეზიდენტებს.
შეხვედრების ფარგლებში საუბარი გაიმართება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დონორების ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებზე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და უცხოური ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობებზე, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების თაობაზე და ამ მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები