დედაქალაქის მერი „თბილისობა 2018-თან დაკავშირებულ ღონისძიებებს დაესწრო (ფოტოკოლაჟი)

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ერთად, რიყის პარკში, „თბილისობა 2018“-თან დაკავშირებულ ღონისძიებებს დაესწრო. კახა კალაძემ ქვეყნის მოსახლეობას სახალხო დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ორი დღის განმავლობაში, თბილისელებს საინტერესო ღონისძიებები ელით.

„პირველ რიგში, მინდა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, თბილისელებს სახალხო დღესასწაული – თბილისობა მივულოცო. ორი დღის განმავლობაში, დედაქალაქში ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიებები იმართება. სასიამოვნო განწყობაა, ამინდიც და ყველანაირი პირობა არსებობს იმისთვის, რომ მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენ და ისიამოვნონ. მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა თეატრალური წარმოდგენები და კონცერტები ჩატარდება. საღამოს დაგეგმილია დიდი კონცერტი, როგორც დღეს, ასევე, ხვალ. მგონია, რომ აქ მოსული მოქალაქეები, მათ შორის, ჩამოსული სტუმრები, კარგ დროს გაატარებენ და ეს თბილისობა მათთვის დასამახსოვრებელი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„თბილისობა 2018“-ის ფარგლებში, ორი დღის განმავლობაში, დედაენის ბაღში, რიყის პარკში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ევროპის მოედანზე, მეიდანსა და ლეღვთახევში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.

რიყის პარკში გაიმართება გასტრონომიული ფესტივალი, ყვავილების ფესტივალი – „შემოდგომის დღესასწაული“, წარმოდგენილი იქნება ცოცხალი მუსიკა, საბავშვო გასართობი პროგრამები და რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა. 7 ოქტომბერს, ასევე, საცირკო წარმოდგენა – „ჯამბაზები საზღვრების გარეშე“ გაიმართება.

დედაენის ბაღი ამავე დღეებში, 12:00-დან 18:00 საათამდე, სპორტულ ღონისძიებებს უმასპინძლებს. წარმოდგენილი იქნება 10-ზე მეტი სპორტული სახეობა, მათ შორის, ჭიდაობის ტურნირი, რომლის გამარჯვებულსაც, წელს პირველად, გადაეცემა გარდამავალი თასი.

6 ოქტომბერს, 12:00-დან 19:00 საათამდე, მეიდანზე გაიმართება „ხილის ფესტივალი“, ამავე დღეს გაიხსნება იტალიელი არქიტექტორის, მშრალი ხიდის ავტორის – ჯოვანი სკუდიერის სახელობის ქუჩა დედაენის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე. აბანოთუბანში, 6 და 7 ოქტომბერს, თბილისობის დღესასწაულის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტი – „გვიდირიჟორე“ გაიმართება. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე განთავსებული ორკესტრი მსმენელს პოპულარულ მელოდიებს შესთავაზებს, ნებისმიერ მსურველს მიეცემა საშუალება, ჩაერთოს ღონისძიებაში, სცენაზე ავიდეს და საკუთარი თავი დირიჟორის ამპლუაში გამოსცადოს.

ლეღვთახევში მხატვრების, ფოტო ხელოვანებისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ქართული ფილმის გმირების კოსტიუმირებული პერფორმანსი, პანტომიმის სახელმწიფო თეატრის შოუ – „ცოცხალი ქანდაკებები“, ცოცხალი მუსიკა – ლევან ცხადაძე და გერმანელი სტუმრები პროექტით – „მექი დანა და მისი მეგობრები“ და გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასის წარმოდგენა – „მეტრონომი“ გაიმართება.

6 ოქტომბერს, ევროპის მოედანზე, 20:00 საათზე, მიუზიკლის – „თბილისური ვოდევილის“ პრემიერა შედგება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული სცენის ვარსკვლავები და სცენაზე მულტიკულტურულ თბილისს წარმოადგენენ.

7 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ბარათაშვილის ქუჩაზე, კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ბიუსტი გაიხსნება და ქართული ხმების კონცერტი გაიმართება. 19:30-ზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება და გრანდიოზული გალა-კონცერტი გაიმართება, რომელიც რევაზ ლაღიძის შემოქმედებას მიეძღვნება. კონცერტს მუსიკალურად ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი გააფორმებს, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ხოლო სცენაზე ყველა ის მომღერალი წარდგება, რომელიც სიმღერებს გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის რეპერტუარიდან ასრულებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები