საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთან მემორანდუმი გაფორმდება (ვიდეო)

იუსტიციის სამინისტროს ძალისხმევით, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთან მემორანდუმი გაფორმდება. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„იუსტიციის სამინისტროს ძალისხმევითა და პრემიერის ინსტრუქციის შესაბამისად, დავასრულეთ საკმაოდ რთული და კომპლექსური მოლაპარაკებები პარიზში შტაბბინის მქონე საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთან, რომელიც გახლავთ საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟი.
20 დეკემბერს მე მექნება პატივი, საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე ალექსის მურთან ერთად პარიზში ხელი მოვაწერო საქართველოსა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს შორის თანამშრომლობის და ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც გულისხმობს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტს ჩვენი ქვეყნისთვის, რომლის ამბიციაც გახლავთ საქართველოს ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბება, რაც წარმოუდგენელი იქნება შესაბამისი საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტის გარეშე.
მემორანდუმი გულისხმობს, რომ ჩვენ ერთობლივად დავიწყებთ მუშაობას საარბიტრაჟო შესაძლებლობების და ინფრასტრუქტურის შექმნაზე. ამისათვის მხარეები ვიღებთ ერთწლიან ვადას. ვიმუშავებთ იმაზე, რომ კიდევ უფრო მეტად მოხდეს კვალიფიკაციის ამაღლება დღეს საქართველოს ბაზარზე მომუშავე არბიტრებისათვის და გაძლიერდეს საქართველოს სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ცენტრი, რომელმაც სულ რამდენიმე წელიწადში მოახერხა, მოცულობითი და საერთაშორისო არბიტრების ჩართულობით, საარბიტრაჟო კომერციული დავები განეხილა.
როდესაც ჩვენ ერთი წლის თავზე შევაჯამებთ ერთობლივი ძალისხმევის შედეგებს, მემორანდუმის თანახმად, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ განვსაზღვროთ ფორმა, რა ფორმითაც საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო არბიტრაჟი გააკეთებს საქართველოში თავის წარმომადგენლობას ან ფილიალს – რა ფორმით იქნება ეს, ამაზე ერთი წლის თავზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ამას ამბობს ეს მემორანდუმი, რომელიც, პრაქტიკულად, რთული მოლაპარაკებების შედეგად, გზას გვიხსნის ჩვენ, ქვეყანას, რომ მომავალში გავხდეთ ჩვენი რეგიონის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი ამ სიტყვის ფართო გაგებით.
ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, ვიცოდეთ, რომ ეს მემორანდუმი ვერ იქნებოდა ხელმოწერილი, მოლაპარაკებები ვერ დამთავრდებოდა წარმატებით, რომ არ გასჩენოდა საარბიტრაჟო სასამართლოს იმის მყარი განცდა, რომ საქართველოს მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემა არის არბიტრაჟის პროცედურების შესაბამისი, რომ ჩვენს მოსამართლეებს აქვთ საერთაშორისო და ქართულ საარბიტრაჟო სამართალში შესაბამისი კვალიფიკაცია და კომპეტენცია. ამის გარეშე ქვეყნებთან საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტები არ თანამშრომლობენ.
მე მინდა, ჩვენს მართლმსაჯულების სისტემასაც მივულოცო ეს შეფასება – ეს წარმატებაა, რადგან მემორანდუმის საფუძველი არის სწორედ ჩვენი მოსამართლეების კვალიფიკაცია საარბიტრაჟო ჭრილში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები