რიმა ბერაძე: ოპოზიციის მხრიდან არ არის მზაობა, რომ მსჯელობა საქმიან ფორმატში წარიმართოს

“თქვენ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ბოლო დღეს საჯარო რეესტრში რიგები დაინახეთ. თქვენმა პარტიულმა ტელევიზიამ ეს თემა წამოწია, თუ როგორ ,,ცუდად“ ექცევა ჩვენი ხელისუფლება ხალხს” – ამ სიტყვებით მიმართა საკრებულოს უმრავლესობის წევრმა რიმა ბერაძემ ოპოზიციის წევრებს სხდომაზე, სადაც ტაქსის რეგულაციების შესახებ მსჯელობდნენ.
მისი განცხადებით, უმრავლესობის სურვილია, რომ მსჯელობა საქმიან ფორმატში წარიმართოს, ოპოზიციის მხრიდან ამის მზაობა არ არის.
„ჩვენ როცა ვსაუბრობდით სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელებაზე და მათ შორის, რა თქმა უნდა, ტაქსების რეგულაციებზე, ეს ვერ მოხერხდება თუ არ დაიწყება შესაბამისი აღრიცხვა. დავიწყეთ ეს პროცესი და ოპოზიციას ესეც არ მოეწონა. 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საინფორმაციო კამპანია თემის ირგვლივ და თქვენ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ბოლო დღეს საჯარო რეესტრში რიგები დაინახეთ. თქვენმა პარტიულმა ტელევიზიამ ეს თემა წამოწია, თუ როგორ ,,ცუდად“ ექცევა ჩვენი ხელისუფლება ხალხს. ითქვა მანქანის სალონის მოწესრიგების, ავტომობილის თეთრ ფერში გადაღებვის შესახებაც და ისიც საინტერესოა ამ სერვისზე საიდან ითვლით 18 და 20 მილიონ ლარს, ვინ მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია?“- განაცხადა რიმა ბერაძემ.
საკრებულოს უმრავლესობის წევრის განცხადებით, მუნიციპალიტეტი ყველაფერს აკეთებს, რომ ტაქსის მძღოლებს არ დასჭირდეთ არცერთი ზედმეტი თეთრის გადახდა, რომელიც მათ ოჯახებს მოაკლდება.
„ვფიქრობ, თქვენ ნამდვილად გწყინთ ყველა ის კარგი წამოწყება, რომელსაც ხედავთ, იქნება ეს მეტროს გამართულობა და ავტობუსების შემოყვანა, თუ ზოგადად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება. თქვენ არ გიხარიათ ის, რასაც დადებით შეფასებას უკეთებს საზოგადოება და უსაფუძვლო კრიტიკას იწყებთ, ნაცვლად იმისა, რომ რეალურად ვისაუბროთ რა პლუსი და მინუსი აქვს ამა თუ იმ საკითხს,“- განაცხადა რიმა ბერაძემ.
მისივე განცხადებით, ხელისუფლების პრიორიტეტია, რომ არცერთი ადამიანი დარჩეს დაზარალებული და ყველა სოციალური პროექტი სწორედ ხალხის საკეთილდღეოდ განხორციელდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები