გივი მიქანაძე კრისტიან ურსეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის აპარატსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ სამდივნოს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს პარლამენტის აპარატის უფროსის, გივი მიქანაძის და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის, კრისტიან ურსეს შეხვედრისას.
გივი მიქანაძემ ევროპელ დიპლომატს პარლამენტის გაძლიერების მიზნით, აპარატში მიმდინარე და განხორციელებულ აქტივობებზე ინფორმაცია მიაწოდა და რეფორმირების შემდგომ ეტაპებზე ისაუბრა.
გივი მიქანაძის განცხადებით, ახალი კანონმდებლობის – საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის, ძალაში შესვლის მომენტიდან, მნიშვნელოვნად იზრდება საპარლამენტო კონტროლი და ზედამხედველობის ფუნქციები, რაც თავის მხრივ, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის მეტი ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაცნობის საჭიროებას წარმოშობს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის აპარატის უფროსმა კრისტიან ურსეს, ევროპის საბჭოს ეგიდით, სასწავლო ვიზიტის გამართვის ინიციატივით მიმართა, რომელიც პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს ერთი კონკრეტული ქვეყნის გამოცდილების გაცნობის შესაძლებლობებს მისცემს.
„კვლევითი მიმართულების განვითარება, სასწავლო კომპონენტის გაძლიერება, აპარატის თანამშრომლების სტაჟირებები, სასწავლო ვიზიტები კონტროლისა და ზედამხედველობის ფუნქციების გამოცდილების გაზიარების მიზნით, ეს ყველაფერი შეიძლება თავმოყრილი იქნეს ერთ დიდ პროექტში, რომელიც შესაძლოა ევროპის საბჭოს მონაწილეობით დაიგეგმოს და შესაბამისი თანხების მოძიებით საქართველოს პარლამენტის მხარდასაჭერად განხორციელდეს”, – აღნიშნა გივი მიქანაძემ. საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი აპარატის უფროსის ინიციატივას მიესალმა და განაცხადა, რომ სტრასბურგში შესაბამის სტრუქტურებთან კონსულტაციების შემდეგ, პროგრამის განხორციელების შესახებ მეტი ინფორმაცია ექნება, რომელსაც პარლამენტის აპარატს გაუზიარებს.
კრისტიან ურსესთან გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა პარლამენტის აპარატის თანამშრომლების სტრასბურგში ყოველწლიური სტაჟირების გავლის შესაძლებლობებიც განიხილეს. როგორც აპარატის უფროსმა განმარტა, მას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან საქმიანი ურთიერთობები აკავშირებს. აღინიშნა, რომ გივი მიქანაძე ვოიცეხ სავიცკისთან ამ თემაზე სასაუბროდ შეხვედრას, ოქტომბერში, IPU-ს ფარგლებში, ჟენევაში გამართულ შეხვედრებზე გეგმავს.
პარლამენტის აპარატის უფროსის და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის შეხვედრის დასასრულს, მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის და აქტიური კომუნიკაციის საკითხებზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები