მიწისძვრა და ცუნამი ინდონეზიაში, დაღუპულია 800-ზე მეტი ადამიანი (ვიდეო)
ინდონეზიაში ცუნამის შედეგად, რომელმაც 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გამოიწვია, 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სამ მეტრამდე სიმაღლის ტალღები სულავესის პროვინციაში, ქალაქ პალუში მძვინვარებს.
“წითელი ჯვრის” შეფასებით, კატასტროფულ ზონაში შესაძლოა 1,6 მილიონი ადამიანი იმყოფება.
ვიდეომასალაზე, სადაც ტალღა ქალაქ პალუს არტყამს, ჩანს, როგორ აღწევს წყალი რამდენიმე შენობასა და დიდ მეჩეთამდე, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრიდან 80 კილომეტრში მდებარეობს. ასევე, ჩანს, როგორ გარბის პანიკაში მყოფი ხალხი.
ქალაქ პალუს მაშველები გადარჩენილების მოსაძებნად ნანგრევების შიშველი ხელებით გასუფთავებას ცდილობენ. ქალაქში არ არის ელექტროენერგია, მაშველებს კი შესაბამისი ტექნიკა არ გააჩნიათ.
ქალაქ პალუს ძირითადი გზა მეწყერმა დაბლოკა, ასევე ჩაინგრა ქალაქის მთავარი ხიდი.
“ჩვენ ნანგრევების გასასუფთავებლად სასწრაფოდ გვესაჭიროება მძიმე ტექნიკა. ჩვენი მაშველები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან, მაგრამ მხოლოდ ფიზიკური ძალის ხარჯზე ყველაფრის გაკეთება შეუძლებელია”, – განაცხადა სახელმწიფო სამაშველო სამსახურის უფროსმა, მუხამმალ სიაუგიმ.