დავით ზალკალიანი მიროსლავ ლაიჩაკს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მიროსლავ ლაიჩაკთან შეხვედრა გამართა.

მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის მეგობრობა და მჭიდრო პარტნიორობა. სლოვაკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სლოვაკეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ არჩევანს, აღინიშნა რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან შედეგებს ამ გზაზე და იგი მოწინავე ქვეყანაა რეფორმების, ასოცირების დღის წესრიგის შესრულების პროცესში და ასევე პასუხობს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისათვის საჭირო მოთხოვნებს.

შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე საკითხები, თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას და აღინიშნა, რომ აუცილებელია საქართველოს ტერიტორიების საკითხი და იქ შექმნილი ვითარება მუდმივად იდგეს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში.

დავით ზალკალიანმა კოლეგას საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა გააცნო, ასევე საქართველოს მთავრობის პროგრამის პრიორიტეტების და ქვეყნის განვითარების ხედვა. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიური თანამშრომლობით ხელი შეუწყონ ორი მეგობრული ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები