პირებს, რომლებიც სხვის ბინაში უკანონოდ შეიჭრნენ და 10000 ლარი წაიღეს, 10 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის ბრალდებულებს 9 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის ბრალდებულები თ.ზ. და მ.კ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 05:00 საათზე წარსულში განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევმა პირებმა – თ.ზ.-მ და მ.კ.-მ თბილისში, უკანონოდ შეაღწიეს ლ.ხ.-ს საცხოვრებელ ბინაში და ცეცხლსასროლი იარაღით დაშინებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ 10 816 ლარს, სხვადასხვა საოჯახო ნივთებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა თ.ზ. და მ.კ. 2017 წლის 29 დეკემბერს თბილისში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინათ, ხოლო თ.ზ.-ს ბრალდება ასევე წარედგინა 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი არაერთგზის). ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.ზ. და მ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თ.ზ.-ს 10 წლით, ხოლო მ.კ.-ს – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები