ირაკლი კობახიძის თქმით, მარიხუანას შესახებ კანონპროექტი ნარკოტიკების წარმოებას, ექსპორტს ან გასაღებას არ ითვალისწინებს

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, მარიხუანას შესახებ კანონპროექტი ნარკოტიკების წარმოებას, ექსპორტს ან გასაღებას არ ითვალისწინებს.
„ითვალისწინებს თუ არა ნარკოტიკების წარმოებას და ან ექსპორტს ან გასაღებას, პასუხი არის არა . პირდაპირ წერია კანონპროექტში და შეგვიძლია ამაში საზოგადოება დავარწმუნოთ”, – განაცხადა ტელეკომპანია პირველის თოქშუში „რეაქცია“ ირაკლი კობახიძემ.
„მეორე – არსებობს თუ არა საფრთხე, რომ არაპირდაპირ გაედინოს იმ სივრცეებიდან გარეთ ნარკოტიკი. ამასთან დაკავშირებით არის ძალიან კარგი გამოცდილება, ისრაელი, საბერძნეთი, რომელიც მართლმადიდებლური ქვეყანაა, დიდი ბრიტანეთი, კანადა, აშშ, ძალიან მარტივად ხდება იქ უსაფრთხოების უზრუნველყოფა. არცერთი გრამი მარიხუანა არ გადის, ანუ კანაფი, როგორც ასეთი, არ გადის გარეთ. ანუ, აპარირდაპირი საფრთხეც არ არსებობს. ამაზე გვინდა ჩვენს საზოგადოებას ვესაუბროთ, იმიტომ, რომ, ჩვენ რომ პირდაპირ გავიწვიოთ ეს კანონპროექტი დღეს, გამოვა, რომ რაღაც ცუდს ვაკეთებდით და ამიტომ, უკან დახევა მოგვიწია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება ეფექტს, ირაკლი კობახიძის თქმით, ძალიან წარმატებული ეკონომიკური ზრდის პირობებშიც, სიღარიბის აღმოფხვრას სჭირდება 8-10 წელი.
„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ თუკი რაიმე იმის საშუალებას იძლევა, რომ ათი წლის მაგივრად, ეს რვა-შვიდ წელიწადში გავაკეთოთ, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს საშუალება, იმ პირობებში, როცა საზოგადოებას ზიანაც არ ადგება?!“ ამაზე გვინდა საზოგადოებას ვესაუბროთ, ეკლესიის წარმომადგენლებს ვესაუბროთ და თუ ერთად დავრწმუნდებით, რომ ესეა ეს ყველაფერი. მეორე მხრივ, სარგებელი არის მაგალითად, პირობითად ის, რომ მილიარდი დოლარით იზრდება ჩვენი ექსპორტი. ეკონიმისტები მარტივად დამერწმუნებიან რაში, რომ ერთი მილიარდით ექსპორტის ზრდა არის ეკონომიკისთვის უზარმაზარი შეღავათი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სავაჭრო დეფიციტი განახევრდება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, იყო სხვადასხვა ტიპის კონსულტაციები, თუმცა ეს არ არის საკმარისი.
„ჩვენთვის მთავარია ყველა დავარწმუნოთ იმაში, როგორც არ უნდა გაგრძელდეს პროცესი, მივიღებთ კანონს, არ მივიღებთ, მივიღოთ ეს გადაწყვეტილება საზოგადოებასთან ერთად, მაგრამ ჩვენ ასეც და ისეც გვინდა საზოგადოება დავარწმუნოთ რაში, რომ ნარკოტიკების წარმოება აზრადაც არ გაგვივლია, ეს ერთი, საფრთხე რომ არ არსებობდა, ეს მეორე და მესამე, საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფო მიიღებს ამხელა სარგებელს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები