„მიშა ქარელს ოქრუაშვილის სახელით SMS ალბათ „ნაციონალებმა“ მისწერეს“

  თუკი ქარელს მსგავსი სმს, მართლაც, მისწერეს, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ დაგეგმილი პროვოკაცია იქნება, – ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილის მოძრაობის „ერთიანი საქართველოსთვის“ წევრმა თეო ტლაშაძემ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. თეო ტლაშაძე გამორიცხავს იმას, რომ ირაკლი ოქრუაშვილს ან ვინმე მასთან დაახლოებულ პირს მისი ბრძანებით ქარელისთვის მუქარის შემცველი წერილი მიეწეროს.
„მე მაქვს ირაკლი ოქრუაშვილთან ურთიერთობა, იმიტომ რომ მეგობრებიც ვართ და პარტიაშიც ერთ-ერთი თანამდებობა მიკავია. რაც მითხარით, გამორიცხულია და ძალიან უცხოა. თუკი მსგავსი სმს, მართლაც, არსებობს, მაშინ ამაში ალბათ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელი ურევია. შეტყობინება „ნაციონალების“ მიერ იქნება გაგზავნილი, რომ მიშა ქარელი და ირაკლი ოქრუაშვილი დაეპირისპირებინათ. რაც შეეხება ჩემი სახელის მოხსენიებას, დაინტერესებული წრისთვის ცნობილია, რომ ამ ადამიანებთან ახლო ურთიერთობა მაქვს და ალბათ ჩვენ შორის ურთიერთობის გაფუჭება უნდოდათ. თუკი საერთოდ ჩემზეა საუბარი, რადგან სმს-ში მხოლოდ სახელია მითითებული და გვარი არ სწერია“,- განაცხადა თეო ტლაშაძემ. ტლაშაძის თქმით, ის არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ არიან პარტიის ოფისის ფართის მეპატრონეები.
„მე არც კი ვიცი ზუსტად, ვინ არიან შენობის მფლობელები, რადგან მე არც ვარ და არც ადრე ვყოფილვარ შენობის მეწილე, ამიტომ დიდად არ დავინტერესებულვარ“,- აღნიშნა თეო ტლაშაძემ.
ტლაშაძე ბოლო დროს არც მისი მეგობრისა და პარტიის ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის ადგილსამყოფელით დაინტერესებულა. როგორც მან „კვირასთან“ საუბრისას განმარტა, ის ოქრუაშვილს უმეტესად ინტერნეტით ეკონტაქტება, თუმცა მისი ადგილსამყოფელით არ დაინტერესებულა და მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
შეგახსენებთ რომ „კვირას“ ექსკლუზიურად ჩაუვარდა ხელში შიდა ქართლის რეგიონში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულისთვის მობილურ ტელეფონზე მიწერილი სმს შეტყობინება. როგორც მიხეილ ქარელმა განმარტა, მუქარის შემცველი წერილი მას ირაკლი ოქრუაშვილმა გაუგზავნა. „კარგად წაიკითხე და დაფიქრდი რასაც გწერთ. 1. თუ როდესმე იკაზე ხმას ამოიღებ ან გაზეთით ან ტელევიზიით შენს ოჯახს მთლიანად გავანადგურებთ. 2. თბილისის ოფისის წილები შენ და კეკელიშვილმა გადმოაფორმეთ შენივე დაქალ თეოზე. თუ სამ დღეში დადებითად არ გადაწყვეტთ რასაც გწერთ შენ სახლ-კარს ცეცხლს მივცემთ დედაშენ-მამაშენიანად, დანარჩენს გასვენებაში რო ჩამოხვალ აქ აგიხსნით. კარგად დაფიქრდი და 31 იანვრამდე დააბრუნე პასუხი თეოს მეშვეობით. არ გემუქრებით, რეალობას გიხსნით. მაგასაც ხომ დავუწვით სახლი ჰოდა ნუ აყვები იმ ვოლკს თორემ 1-ში ცეცხლით გაგათბობთ თუ არასწორად იფიქრებ, არც მანდ არაა შენი პოვნა ძნელი”, – აღნიშნულია მიშა ქარელისთვის მიწერილ წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები