საბურთალოზე მამაკაცი დაჭრეს – შსს-მ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა

0

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიცკევიჩის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა და ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული დ.ლ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღით 1979 წელს დაბადებული შ. ჩ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა დაჭრილი შ. ჩ. საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით”, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი