სოფელ ვარდისუბანში, დაპირისპირებისას ოთხი ადამიანი დაშავდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საქონლის ბაზარში ექვსი შეიარაღებული პირი სოფელ ყარაჯალის ოთხ მკვიდრს ფიზიკურად გაუსწორდა. ყველა დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. ერთ პირს ცეცხლნასროლი ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული.
როგორც “კვირას” თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა, დაშავებულებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ, ოთხივე მათგანმა საკუთარი ნებით კლინიკა უკვე დატოვა.
” აღენიშნებოდათ დაზიანებები, რაც შემდგომ დაკვირვებას საჭიროებდა,თუმცა ოთხივე მათგანმა თავიანთი სურვილით ხელწერილის საფუძველზე უკვე დატოვა კლინიკა, ​რაიმე სახის ქირურგიული ჩარევა არ განხორციელებულა. ერთ-ერთს აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობა, თუმცა რბილ ქსოვილში გამავალი, ქირურგიული ჩარევა არ გამხდარა საჭირო”, – განუცხადა “კვირას” ხათუნა ჭონიაშვილმა.
დაზარალებულების თქმით, დაპირისპირება ვარდისუბნის მაცხოვრებლებს შორის მიწის ნაკვეთის გამო ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ დაიწყო და დღეს ისევ განახლდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები