„სხვა გზა“ ინკლუზიურ ხელოვნებაში – ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით მარჯანიშვილის თეატრში წარმოდგენა გაიმართება
27 სექტემბერს, 15:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა სპექტაკლ „სხვა გზას“ უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ბრიტანეთის საბჭოდან აცნობეს, გრძელდება თანამშრომლობას თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალთან. წელს ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, ფესტივალის ფარგლებში, თბილისის ინკლუზიური საცეკვაო კომპანია წარმოადგენს საკუთარ ნამუშევარს „სხვა გზა“.
დასი შედგება როგორც შეზღუდული შესაძლებლობების, ისე ტიპიური განვითარების მქონე მოცეკვავეებისგან.
სპექტაკლის მთავარი იდეაა ტრავმის შედეგად მიღებული გამოცდილების და შინაგანი გარდაქმნის ეტაპების გამოხატვა ცეკვისა და მოძრაობის ენით: დეპრესიიდან, შინაგანი ბრძოლის გავლით საკუთარი თავის მიღებამდე. დადგმაში გამოყენებულია იმპროვიზაციის, ცეკვისა და ცოცხალი მუსიკის სინთეზი.
წარმოდგენის შემდეგ მაყურებელს საშუალება ექნება, გაესაუბროს არა მხოლოდ დასის მონაწილეებსა და დამდგმელ ქორეოგრაფს ქეთი ზაზანაშვილს, არამედ სპეციალურად ამ წარმოდგენისთვის საქართველოში ჩამოსულ ელი დაგლას-ალანს. იგი ბრიტანული ქორეოგრაფიული კომპანიის Candoco საგანმანათლებლო პროგრამის პროდიუსერია.
სწორედ კენდუკოს მოღვაწეობა და ბრიტანეთის საბჭოს მიერ განხორციელებული ინკლუზიური ხელოვნების მხარდაჭერის პროგრამაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაედო საფუძვლად თბილისის ინკლუზიური ცეკვის კომპანიის შექმნას, რომელმაც შექმნა ,,სხვა გზა’’. სწორედ კენდუკოს საცეკვაო ლაბორატორიებში მონაწილეობისას გაიცნეს ერთმანეთი თბილისის პირველი ინკლუზიური დასის წევრების უმრავლესობამ.
წარმოდგენის შემდეგ ელი დაგლას-ალანი ისაუბრებს ბრიტანულ გამოცდილებაზე და ქეთი ზაზანაშვილთან და დასის სხვა წევრებთან ერთად უპასუხებს მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლზე მოსული მაყურებლის მიერ დასმულ კითხვებს.
სპექტაკლს და უშუალოდ ქორეოგრაფიული დასის შექმნას საინტერესო ისტორია აქვს. კერძოდ, ქორეოგრაფი ქეთი ზაზანაშვილი და ეტლით მოსარგებლე რამდენიმე ადამიანი აქტიურად მონაწილეობდნენ ბრიტანეთის საბჭოს პროგრამაში – ,,შეუზღუდავი შესაძლებლობები: სწორი ნაბიჯების გადადგმა“, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შშმ პირთა ხელოვნებაში ჩართულობის და მათთვის სახელოვნებო სივრცეების მისაწვდომობის გაუმჯობესების აუცილებლობის და სასარგებლო შედეგების შესახებ.
ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის ,,შეუზღუდავი შესაძლებლობები: სწორი ნაბიჯების გადადგმა“ ფარგლებში, 2017 წელს რუსთაველის და მარჯანიშვილის თეატრებში ShapeArts-ის კონსულტანტმა ბარბარა ლისიკიმ ჩაატარა სივრცეთა მიწვდომობის აუდიტი.
ShapeArts ბრიტანეთში არსებული შშმ პირების მიერ მართული წამყვანი სახელოვნებო ორგანიზაციაა. ლისიკიმ ასევე ჩაატარა ვორკშოპი თეატრის პროფესიონალებისთვის, რომელზეც ისაუბრა თეატრების ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე და საზოგადოების პასუხსიმგებლობაზე ყველა სახელოვნებო სივრცე გახადოს მისაწვდომი სხვადასხვა სახის შშმ პირებისთვის.
2017წ. სექტემბრის დასასრულს, თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, მამაკაცთა სმენადაქვეითებულმა საცეკვაო კომპანიამ Deaf Men Dancing ღია ცის ქვეშ სრულიად ახალი წარმოდგენა შესთავაზა მაყურებელს სახელწოდებით TEN, ამას მოჰყვა ბრიტანული ქორეოგრაფიული კომპანიის Candoco წარმომადგენლების მიერ ჩატარებული ორი საცეკვაო ლაბორატორია ქართველი მოცეკვავეებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ ინკლუზიური ცეკვით. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სწორედ იქ გაიცნეს ერთმანეთი თბილისის პირველი ინკლუზიური დასის წევრების უმრავლესობამ.
„ვიმედოვნებთ, რომ ინტეგრირებული ხელოვნების ნიმუშების მაყურებლისთვის წარდგენა ხელს შეუწყობს ცვლილებებს სოციალური მიდგომებში, რაც დადებითად იმოქმედებს საზოგადოების დამოკიდებულებაზე, სოციალურ პოლიტიკასა და კანონმდებლობაზე“, – აცხადებენ ორგანიზატორები.