კახაბერ კუჭავა: გამოიკვეთა, რომ უხარისხო საწვავზე მეტად, ჰაერს აბინძურებს გაუმართავი ავტომობილები და მოძველებული ავტოპარკი

0

“გამოიკვეთა, რომ უხარისხო საწვავზე მეტად, ჰაერს აბინძურებს გაუმართავი ავტომობილები და მოძველებული ავტოპარკი”, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა კახაბერ კუჭავამ განაცხადა.
როგორც „კვირას“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, 2018 წლის აპრილში პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც თბილისში ჰაერის დაბინძურების მიზეზების დადგენა და პრობლემების მოგვარების გზების შემუშავება ევალება.
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, კახაბერ კუჭავა ამბობს, რომ კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, ფიზიკური პირებისგან, ასევე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან უკვე 16 კვლევა მიიღო.
კუჭავას თქმით, კვლევების მიხედვით, დედაქალაქში ჰაერს დამაბინძურებელი მთავარი ფაქტორი მოძველებული ავტოპარკია:
„გამოიკვეთა, რომ უხარისხო საწვავზე მეტად, ჰაერს აბინძურებს გაუმართავი ავტომობილები და მოძველებული ავტოპარკი. ქვეყანაში ავტომობილების 91% 10 წელზე დიდი ხნისაა. გაუმართავ მანქანაში, რაც არ უნდა კარგი საწვავი ჩაასხათ, ჰაერი მაინც დაბინძურდება. ცნობილი გახდა, რომ მძღოლების ნაწილი ტექდათვალიერების გავლის დროს კატალიზატორს აყენებს ავტომობილზე, თუმცა დათვალიერების დასრულების შემდეგ, მას ხსნიან. ამ კუთხით, ჩვენ მივცემთ ინსტრუქციებს შსს-სა და მერიას. კიდევ ერთი პრობლემაა მავნე ნივთიერების, აზბესტის შემცველი ხუნდები, რომელიც ავტომობილის დამუხრუჭებისას, ჰაერში ჯანმრთელობისთვის საშიშ მტვერს ფანტავს. ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივით, საქართველოში აზბესტის შემცველი ნებისმიერი პროდუქტის შემოტანა აიკრძალება“ – თქვა კუჭავამ. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის განმარტებით, კომისიის შემდეგი ნაბიჯია, პარლამენტში დაიბარონ ის არასამთავრობო ორგანიზაციები და ფიზიკური პირები, რომელთაც კომისიას საკუთარი კვლევები წარუდგინეს.
კომისია მათ კითხვა-პასუხის რეჟიმში გამოკითხავს. გამოკითხვის სავარაუდო თარიღად 27 ან 28 სექტემბერია ჩანიშნული.
„ჩვენ მათთან გარკვეული საკითხების დაზუსტება გვსურს. ამას Facebook-ითაც გავაშუქებთ, რომ ყველა დაინტერესებულმა ადამიანმა შეძლოს ნახვა. ამ შეხვედრაზე მიღებული დამატებითი რეკომენდაციების მიხედვით დავაზუსტებთ, ვის დავიბარებთ და ვის გამოვკითხავთ სახელმწიფო უწყებებიდან, კერძო სექტორიდან, სხვადასხვა ასოციაციებიდან. მაგალითად, ვგეგმავთ, დავიბაროთ გარემოს დაცვის სამინისტროს სააგენტოს, მერიის, ეკონომიკის სამინისტროს, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის წარმომადგენლები, შესაძლოა, მშენებელთა ასოციაციასაც ვესაუბროთ. ისე უნდა მოვახერხოთ, რომ არჩევნებმა ამაში ხელი არ შეგვიშალოს“ – აცხადებს კუჭავა.
კომისიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სამუშაო ჯგუფის საერთო ანგარიშის ძირითადი ნაწილი უკვე მზადაა და დოკუმენტის მხოლოდ კითხვა-პასუხის რეჟიმში მიღებული ინფორმაციით შევსებაა საჭირო.
„ვცდილობთ, რომ ეს დოკუმენტი მარტივად წასაკითხი იყოს. ანგარიშის პრეზენტაციის თარიღი დამოკიდებულია იმაზე, როდის დავასრულებთ სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმადგენელთა გამოკითხვას. იმედი მაქვს, ნოემბრის ბოლომდე დოკუმენტს საზოგადოებას გავაცნობთ“ – თქვა კახაბერ კუჭავამ.
თბილისში ჰაერის დამაბინძურებელი კომპონენტების შესასწავლად კვლევა ორგანიზაცია ,,ეკოხედვა/Eco Vision-მაც“ ჩაატარა.
ამ კვლევით გაირკვა, რომ დედაქალაქის ჰაერს ყველაზე მეტად აბინძურებს მტვერი, რომელიც დღის ყველა მონაკვეთში დასაშვებ ზღვარზე მაღალია.
კვლევა სამ განსხვავებულ ლოკაციაზე ჩატარდა. ესენია: სატრანსპორტო კვანძი, სამშენებლო ტერიტორიები და რეკრეაციული უბნები. კვლევის მიხედვით, ჰაერში მტვრის მაღალი კონცენტრაცია ფიქსირდება, – როგორც ჯამური მტვრის მონიტორინგის, ასევე მტვერში არსებული მცირე დისოერსიული ნაწილაკების ანალიზის შედეგად.
ცნობილია, რომ pm2.5 განსაკუთრებით საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ის უჯრედში ილექება და მთელ რიგ პათოლოგიურ ცვლილებებს იწვევს. კვლევამ აჩვენა, რომ ნახშირჟანგის და აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია ზღვრულად დასაშვებზე მომატებულია პიკის საათებში.

კომენტარები

კომენტარი