ირაკლი კობახიძე: სამი თვის თავზე მიხვედით სწორედ იმ შედეგამდე რისთვისაც ლამის მიწაში დამარხეს ჩვენი მთავარი პროკურორი

სამი თვის თავზე მიხვედით სწორედ იმ შედეგამდე რისთვისაც ლამის მიწაში დამარხეს ჩვენი მთავარი პროკურორი,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებულ დასკვნას, რომლის განხილვაც პარლამენტში მიმდინარეობს.
“აქ არის ერთ მარტივ რამეზე საუბარი. ერთი და იგივე კითხვა რეალურად იმიტომ ისმევა, რომ არც ერთ კითხვაზე არ იყო პასუხი გაცემული.
საზოგადოებას აინტერესებდა ერთი მთავარი რამ ეს არის ის – თუ ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა ზაზა სარალიძის შვილს, დავით სარალიძეს. ეს იყო მთავარი კითხვა და ეს აინტერესებთ ამ ადამიანებს, ამ კითხვაზე კომისიამ გასცა თუ ვერ გასცა პასუხი. აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ შეგეძლოთ და არ გაეცით. ობიექტური მიზეზები არსებობდა თუ არა რომლის გამოც თქვენ ვერ გაეცით ამ კითხვას პასუხი. ამიტომ სათითაოდ გეკითხებიან და კითხვას არ პასუხობთ.

არ მინდა პოლემიკაში შემოსვლა, თუმცა გეტყვით, რომ თქვენ დაუშვით შეცდომა. რეალურად კომისიის შექმნის მიზანი გახლდათ არა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან გადაცდომის დადგენა, არამედ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა. ეს იყო ასახული როგორც სათაურში ასევე თქვენს არაერთ განცხადებაში. ამაზეა საუბარი, რომ თქვენ თამასა აწიეთ საკმაოდ მაღლა და თქვით, რომ ამ საქმეზე დაადგენდით ჭეშმარიტებას ანუ დაადგენდით მაგალითად იმას თუ ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა დავით სალარიძეს. დეპუტატებმა რამდენჯერმე გკითხეს, მაგრამ მათ ვერ მიიღეს სრული პასუხი. ანუ თქვენ დაადგინეთ ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა დავით სალარიძეს? ვერ დაადგინეთ! და რაც იყო პრეტენზია სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მხოლოდ ეს იყო.
მე შემოვედი არასწორ პოლემიკაში. ეს არ არის სხდომის თავმჯდომარის საქმე, მაგრამ მინდოდა განმემარტა რატომ უნდა დავრჩეთ იმ პროცედურაში, რომელშიც უნდა დავრჩეთ. რამდენჯერმე დაისვა კითხვა – თქვენ ეჭვის დონეზე დაადგინეთ თუ არა ის თუ ვინ იყო ჭრილობის მიმყენებელი? ეს კითხვა დაისვა ათჯერ და ათჯერვე ბატონმა სერგიმ თავი აარიდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემას, რაც მიანიშნებს – მთავარი პრეტენზია რა იყო სამართალდამცავების მიმართ? რომ არ დადგინდა ჭრილობის მიმყენებელი. მთავარი გზავნილი იყო რომ არის ორი მოკლული ბავშვი და არის ერთი მკვლელი დადგენილი. იგივე მოცემულობა დაგრჩათ თქვენ სამთვიანი მოღვაწეობის შემდეგ. ეს არის მთავარი და ამაზე ცდილობენ კითხვის დასმას, რაზეც ვერ იღებენ პასუხს. პასუხს რომ ვერ იღებენ სწორედ ამას ამყარებს რომ რეალურად სამი თვის თავზე მიხვედით სწორედ იმ შედეგამდე რისთვისაც ლამის მიწაში დამარხეს ჩვენი მთავარი პროკურორი. ამ კითხვაზე პასუხს რომ არ სცემთ სწორედ ამაზე მიუთითებს რეალურად, ისევე დაასრულეთ თქვენ სამთვიანი მოღვაწეობა კომისიაში, როგორც დაასრულა ეს გამოძიებამ. თუ თქვენ გქონდათ ობიექტური მიზეზი შესაძლოა გამოძიებასაც ჰქონდა ობიექტური მიზეზი. შესაბამისად, გამოდის, რომ პრეტენზიას, რომელსაც უყენებდით საგამოძიებო ორგანოებს, არ ჰქონდა საფუძველი”, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები