ნათია მეზვრიშვილი: თუ იქნება მტკიცებულებები, მათ შორის მ.კ.-ს მიმართ, რეაგირება იქნება შესაბამისი

„თუ იქნება მტკიცებულებები, მათ შორის მ.კ.-ს მიმართ, რეაგირება იქნება შესაბამისი“, – ასეთი კომენტარი გააკეთა შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა “ხორავას ქუჩის საქმესთან” დაკავშირებით.
ამასთან, ნათია მეზვრიშვილი განმარტავს, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება არც პარლამენტის კომპეტენცია გახლავთ, არც სახალხო დამცველის, და არც შინაგან საქმეთა სამინისტროსი.
მისივე თქმით, ეს გახლავთ პროკურატურის კომპეტენცია. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სახელმწიფო უწყება, სახალხო დამცველი თუ პარლამენტი, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს განცხადებების გაკეთებას. მისივე თქმით, მითუმეტეს, როდესაც საქმე არასრულწლოვნებს ეხებათ. „როდესაც სამართლებრივ საკითხებზე ვსაუბრობთ, ნებისმიერ ინსტიტუციას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში – ეს იქნება სახელმწიფო უწყება, სახალხო დამცველი თუ პარლამენტი, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ხოლმე განცხადებების გაკეთებას. მითუმეტეს, როდესაც საქმე არასრულწლოვნებს ეხებათ. სისხლის სამართლებრივი დევნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება არც პარლამენტის კომპეტენცია გახლავთ და არც სახალხო დამცველის; მათ შორის არც შინაგან საქმეთა სამინისტროსი. ეს გახლავთ პროკურატურის კომპეტენცია. ნებისმიერი იურისტისთვის კარგად არის ცნობილი – და მე ვერ ვხვდები, რატომ კეთდება ასეთი განცხადებები. კარგად არის ცნობილი, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას სჭირდება შესაბამისი მტკიცებულებების ერთობლიობა, ამიტომ ხელაღებით ამაზე საუბარი, მეც იურისტი გახლავართ, გამიჭირდება. თუ იქნება მტკიცებულებები, მათ შორის მ.კ.-ს მიმართ, რეაგირება იქნება შესაბამისი. იქ, სადაც მტკიცებულებები იყო, ისე რომ არავის ამ საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაცია არ გაუცია, არც სახალხო დამცველის რეკომენდაცია დაგვჭირდა და არც პარლამენტის, რეაგირება მოვახდინეთ. როგორც ძირითადი, ისე გამოყოფილი საქმეების ფარგლებში, 10 ადამიანის პასუხისმგებლობა არის დამდგარი, ისინი ამჟამად ბრალდებულები არიან და პატიმრობაშიც იმყოფებიან. ამიტომ თუ შესაბამისი მტკიცებულებები იქნება, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. ფიფიას მხრიდან კალანდიაზე ხელის დაფარებას ცალსახად გამოვრიცხავ, ჩემი აზრია ასეთი. რაც შეეხება ზოგადად დასკვნას, როდესაც მივიღებთ გავეცნობით. ვნახავთ სამართლებრივ არგუმენტებს. ჩვენთვის პოლიტიკური შეფასებები არ არის მნიშვნელოვანი, თამამად რომ ვთქვათ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამართლებრივი შეფასება. თუ იქნება ეს ყველაფერი არგუმენტირებული, განვიხილავთ რეკომენდაციების შესრულების მიზანშეწონილობის საკითხს. მივიღებთ დასკვნას, დეტალურად გავეცნობით, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. ჩემთვის არ არის ეს არგუმენტები საკმარისი და დასაბუთებული გამომძიებელთან მიმართებაში, მით უმეტეს გაუგებარია რატომ ხდება აქცენტირება გამომძიებელ ფიფიაზე. სამართლებრივი არგუმენტაცია თუ იქნება, ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ბუნებრივია რეაგირებას მოახდენს. თუ არგუმენტი მხოლოდ ის არის ფიფიასთან მიმართებით, რომ მირზა სუბელიანთან, მან არაერთი ზარი განახორციელა, ეს არ არის არგუმენტი და არასერიოზულია. ბუნებრივია შინაგან საქმეთა სამინისტრო ამაზე რეაგირებას არ მოახდენს“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები