“ვერ ხედავთ, როგორი არჩევნები იქნება”? – რატომ უთხრა ცესკომ გიორგი შენგელაიას საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი

რეჟისორ გიორგი შენგელაიას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა. ამის მიზეზი გახდა ის რომ, გიორგი შენგელაიმ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მხარდამჭერთა სია არ წარმოადგინა.
როგორც „კვირას“ გიორგი შენგელიამ განუცხადა, მან ამის შესახებ დღეს შეიტყო.
მისივე თქმით, მას მხადამჭერთა სია ჰქონდა, თუმცა პროტესტის ნიშნად არ წარადგინა.
„მე შევაგროვე მხარდამჭერთა სია, თუმცა პროტესტის ნიშნად, არ წარვადგინე ცესკოში. რადგან საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემს მონაწილეობას აზრი არ ჰქონდა. ვერ ხედავთ, როგორი არჩევნები იქნება?“ – ამბობს გიორგი შენგელაია.
ამასთან, მისივე განმარტებით, ის პოლიტიკიდან არ მიდის და ახალ ორგანიზაციას აყალიბებს სახელწოდებით – „მოძრაობა ხალხის ნება“.
კითხვაზე, რამდენად ენდობა ხალხი მას და ახალ ორგანიზაციას, შენგელაია პასუხობს:
„არ ვიცი გამომყვება თუ არა ხალხი, როცა სცენარს ვწერ, არ ვიცი როგორ მიიღებს ამ სცენარს ხალხი, ასე რომ მე არ მივდივარ პოლიტიკიდან და ჩემ ხალხთან ერთად გავაგრძელებ პოლტიკურ აქტიურობას“, – აღნიშნა გიორგი შენგელაიამ.
გარდა ამისა, ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი შენგელაია დღის 14.00 საათზე პრესკონფერენციას გამართავს.
გიორგი შენგელაიას განცხადება, ხელმოწერების არსებობასთან დაკავშირებით, “კვირასთან” საუბრისას საინიციატივო ჯგუფის, ერთ-ერთმა წევრმა პეტრე მამრაძემ უარყო.
როგორც პეტრე მამრაძემ განმარტა, გიორგი შენგელაიას ხელმოწერები არ შეუგროვებია.
„მე გიორგი შენგელაია 29 აგვისტოს შემდეგ არც კი მინახავს. მე იგი გავაფრთხილე, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მას 25 000 ხელმოწერა უნდა შეეგროვებინა, როგორც ჩანს მან ჩემი რჩევა არ გაითვალისწინა და რას წარადგენდა ცეესკოში, რაც არ ჰქონდა“, – აღნიშნა პეტრე მამრაძემ „კვირასთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ ცესკოს საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წარსადგენად განცხადებით 29 აგვისტოს მიმართა. საპრეზიდენტო კანდიდატად დასარეგისტრირებლად კი 2018 წლის 18 სექტემბრამდე არანაკლებ 25 000 მხადამჭერის ხელმოწერა უნდა წარედგინა. ცესკოს ინფორმაციით, მხარდამჭერთა სიის არ წარდგენის გამო, გიორგი შენგელაიას გარდა, საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი კიდევ 18 პირს ეთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები