ვაჟა იორდანიშვილი: სადაც ბანკი თავისი რესურსებით შედის, იქ საშუალო და მცირე ბიზნესი ვერ გაიხარებს

„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ვაჟა იორდანიშვილის განცხადებით, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების ბაზარზე მონოპოლიის საფრთხე არსებობს. ამის შესახებ იორდანიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ვაჟა იორდანიშვილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს და ეკონომიკის მინისტრ, გიორგი ქობულიას შეხვედრას სთხოვს.
„2018 წლის დასაწყისიდან დაანონსდა რეფორმა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც არსებულ ინსპექტირების ცენტრებს შეეზღუდათ ამ სფეროში განვითარების საშუალება. ისინი დარჩნენ იმ ვითარებაში, სადაც იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ 20 წელი იყვნენ წარმოდგენილი ბაზარზე. სისტემა მთლიანად ჩაიკეტა, ჩატარდა შერჩევის პროცესი. ამ პროცესის დასრულების შემდეგ, როგორც აღმოჩნდა, გამარჯვებულ კომპანიად გამოცხადდა „პრემიუმ რეზიდენსი“ (ამჟამად ოპერირებს სახელით “გრინვეი საქართველო“). ეს არის „საქართველოს ბანკის“ შვილობილი კომპანია, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ „საქართველოს ბანკის“ შვილობილი კომპანია „ალდაგის“ ასევე შვილობილი კომპანია, რომელთანაც უშუალოდ გაფორმდა ხელშეკრულება ეკონომიკის სამინისტროს მიერ. რატომ ვითხოვთ პრემიერთან შეხვედრას – პრემიერმა თქვა, რომ ზოგადად ბანკი არ უნდა ერეოდეს ბიზნესში, არ უნდა იყოს დივერსიფიცირებული საბანკო სფერო. ეს შეშფოთებას იწვევს, ნამდვილად, იქ სადაც მცირე და საშუალო ბიზნესია და ბანკი საკუთარი აქტივების დივერსიფიცირებას ახდენს, ცხადია, ის უქმნის ძალიან დიდ პრობლემას მცირე და საშუალო ბიზნესს. სადაც ბანკი თავისი რესურსებით შედის, იქ საშუალო და მცირე ბიზნესი ვერ გაიხარებს.
სხვათა შორის, ეს მათ კანონითაც ეკრძალება. გვინდა, რომ ამ უკანონობას დაესვას წერტილი და მიეცეს ამ ბიზნესს განვითარების საშუალება“, – განაცხადა ვაჟა იორდანიშვილმა.
მისივე თქმით, „პრემიუმ რეზიდენსს“(„გრინვეი საქართველოს“), ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების გამოცდილება არ აქვს.
„ყველაფერი უნდა დაბრუნდეს კანონიერ ჩარჩოებში. შერჩევის პროცესი, რომლის მიხედვითაც გამოცხადდა გამარჯვებული, რომელსაც არ ჰქონდა ამ სფეროში ოპერირების უფლება, ეს ბრძანება უნდა გაუქმდეს და ეს სფერო დაუბრუნდეს საწყისს ეტაპს. აკრედიტაციის მიღების მსურველს უნდა ჰქონდეს საშუალება, გააკეთოს განაცხადი აკრედიტაციაზე, დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რაც არის საერთაშორისო ნორმებით მიღებული და შესაბამისი შეფასებისას მიიღოს აკრედიტაცია და არა ისე, რომ ჩაკეტილ სისტემაში, ერთ კომპანიას მისცენ გამარჯვების საშუალება. გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულება გაუფორმეს 10-წლიანი საქმიანობის უფლებით. მაშინ, როდესაც ჩვენ, აკრედიტებულ ინსპექტირების ცენტრებს მხოლოდ 4-წლიანი აკრედიტაცია გვაქვს. აქაც დისკრიმინაციული მოდელი გვაქვს სახეზე“, – აღნიშნა ვაჟა იორდანიშვილმა.
დღეს „გრინვეი საქართველომ“ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ კომპანიის მიზანია, მთელი საქართველოს მასშტაბით, მსოფლიო გამოცდილებაზე დამყარებული ტექინსპექტირების ცენტრები შექმნას.
„სიმართლეს არ შეესაბამება ის გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სახელმწიფომ “გრინვეი საქართველო” უპირატეს პოზიციაში ჩააყენა ტექნისპეტირების სხვა, უკვე მოქმედ კომპანიებთან შედარებით. რეალურად, ამ კომპანიებმა სახელმწიფოსგან საკმაოდ დიდი ხელშეწყობა მიიღეს ჯერ კიდევ ტენდერის გამოცხადებამდე. კერძოდ, 2018 წლამდე საქართველოში ფუნქციონირებდა ტექდათვალიერების 35 ხაზი. მთავრობის გადაწყვეტილებით, ბაზარზე არსებულ კომპანიებს მიეცათ შესაძლებლობა გაეფართოვებინათ მათი ბიზნესსაქმიანობა და რეფორმის დაწყებამდე, საკუთარი სურვილით შეერჩიათ საუკეთესო ადგილები და სრულიად უფასოდ მიეღოთ ლიცენზიები დამატებითი ხაზების გასახსნელად. შედეგად, ნაცვლად 35 ხაზისა, ამჟამად ფუნქციონირებს აღნიშნული კომპანიების კუთვნილი 89 ტექინსპექტირების ხაზი.
კომპანია “გრინვეი საქართველომ”, გამოცხადებული ტენდერის პირობების გათვალისწინებით, აიღო ვალდებულება უზრუნველყოს 51 ახალი ხაზის გამართვა მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც არის ბაზრის დაახლოებით 30 პროცენტი და, შესაბამისად, მონოპოლიურ მდგომარეობაზე საუბარი ზედმეტია”- წერია კომპანიის განცხადებაში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები