„ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, ზესტაფონის განახლებული თეატრი სეზონს ხსნის
ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი მალე თეატრალურ სეზონს გახსნის.
20 და 21 სექტემბერს, 18:00 საათზე, წარმოდგენილი იქნება არტურ მილერის „ეჭვი“. დამდგმელი რეჟისორი და მუს. გამფორმებელი – ლეო ანთაძე; მხატვარი – ნათია ბერაძე.
მონაწილეობენ: საქართველოს რესპუბლიკის სახალხო არტისტი ლეო ანთაძე;
მსახიობები: ნინო აბესაძე, ნანა ისიანი, თემურ ფირცხალაიშვილი, ზურაბ აბესაძე.
სპექტაკლი განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.
თეა მაღლაკელიძე, თეატრის დირექტორი:
„ყოველი სეზონის გახსნა დიდ სიხარულს უკავშირდება, მაგრამ ეს წელი გამორჩეულია, რადგან ჩვენს საყვარელ მაყურებელს განახლებულ გარემოში შევხვდებით. უდიდესი მადლიერების გრძნობით აღვნიშნავთ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით განახლდა მაყურებელთა დარბაზი და სცენა.
შეიცვალა, რესტავრაცია ჩაუტარდა სკამებს. ფეროშენადნობთა ქარხანამ გამოყო ხელოსნები. მალე ახალი თეატრალური ფარდაც დაიკიდება, რომელიც დიდი ხანია არ გამოცვლილა.
უნდა აღნიშნოს, რომ კომპანიის მიერ გაწეული დახმარება ლარებში დაახლოებით 12 ათას ლარს შეადგენს. მაგრამ ამით არ მთავრდება ჩვენი ურთიერთობა. ადრეც გვეხმარებოდნენ, ბილეთებს ინტენსიურად ყიდულობდნენ.
„ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის აქტიური ხელშეწყობით თეატრში მრავალი კარგი საქმე გაკეთდა. იმედია, ეს ურთიერთთანამშრომლობა სამომავლოდაც გაგრძელდება.
დირექტორმა „კვირასთან“ საუბარში ისიც აღნიშნა, თეატრის ძველი და დიდი შენობა კაპიტალურ რემონტს საჭიროებს. მას გული სწყდება, რომ ეს რემონტი ჯერ არ დგას დღის წესრიგში. არადა 500-კაციანი დარბაზის ყველაზე მწვავე პრობლემა განათების მოგვარება ყოფილა. როგორც თეა მაღლაკელიძე ამბობს, განათება საკმაოდ ძვირი ჯდება და დარბაზისა და სცენის მერე უწინარესად ეს საკითხია გადასაწყვეტი.