სოფიო ქაცარავა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის წევრები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები სოფელ ხურვალეთს ესტუმრნენ, სადაც საოკუპაციო ხაზი მოინახულეს.
დელეგაციას საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მძიმე ვითარება გააცნეს, რომელიც რუსული ოკუპაციისა და მავთულხლართების გაბმის შედეგად შეიქმნა.
„დღეს ჩვენ ვიმყოფებით საოკუპაციო ხაზთან, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს აქვთ საშუალება პირადად გაეცნონ ადგილზე არსებულ რთულ ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების ვითარებას. ის, რაც ხდება საქართველოში დაუშვებელია. ადამიანებს არ შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილება, ვერ იღებენ სათანადო განათლებასა და ჯანდაცვის მომსახურებას, მუდმივად ხდება ადამიანების გატაცება საოკუპაციო ხაზთან და მათ მიმართ ძალადობა. ეს უნდა დასრულდეს და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორები და მთლიანად მსოფლიო უნდა ხედავდეს, თუ როგორ არღვევს რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს. სწორედ ევროპის საპარლამენტო ასამბლეა არის ერთ-ერთი ის სივრცე, სადაც ჩვენ შეგვიძლია მივაწვდინოთ ჩვენი ხმა მთელს ევროპას. ამ კუთხით, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ასამბლეის ფარგლებში და ვდგამთ ქმედით ნაბიჯებს ყველა მიმართულებით, რომ ხელი შევუწყოთ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მძიმე მდგომარეობის შემსუბუქებას. ჩვენი კოლეგების მხრიდან არის დიდი ინტერესი, რომ რეგიონში გაგრძელდეს სტაბილურობა და განვითარება. ამ პროცესში მათი ჩართულობა და როლი ძალიან მაღალია, რისთვისაც მსურს, მათ მადლობა გადავუხადო”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.