მირზა სუბელიანი: ჩემი აქ ყოფნა სიკვდილის ტოლფასია, მირჩევნია, გასვენება იყოს ჩემი, ვიდრე აქ ვიჯდე

„ჩემი აქ ყოფნა სიკვდილის ტოლფასია, მირჩევნია, გასვენება იყოს ჩემი, ვიდრე აქ ვიჯდე,” – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულმა მირზა სუბელიანმა წინასასამართლო სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, მირზა სუბელიანი აცხადებს, რომ იგი პროკურატურის ყველა მტკიცებულებას ენდობა და ბრალს აღიარებს.
პროკურატურამ მტკიცებულებად გამოკითხვების და დაკითხვის ოქმები წარადგინა, ასევე წარადგინა საგამოძიებო მოქმედებების დროს ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები.
ბრალდებამ მოწმეთა სიაც წაიკითხა, ვის დაკითხვასაც პროკურატურა არსებითი განხილვების დაწყების დროს აპირებს.
მათ შორის არიან: მიხეილ კალანდია, გიორგი კალანდია, დაჩი ღლონტი, მერაბ მორჩაძე, ზაზა სარალიძე და გიორგი მენაბდე.
ბრალდების მხარის მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც საკუთარი პოზიცია დაცვის მხარემ დააფიქსირა.
დაცვის მხარემ საკუთარი პოზიცია წარმოადგინა, კერძოდ, პროკურატურიდან და სასჯელაღსრულების სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის სახით.
ამასთან, დაცვის მხარეს ბრალდების მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია.
“ჩემი ჩვენებიდან არის გამომდინარე ბრალი. მე ვაღიარებ ბრალს და ვიცი, რა შედეგები მოყვება ჩემს ქმედებას. მე არ ვხდი სადაოდ მტკიცებულებებს. საზოგადოებრივი ინტერესი იმდენად დიდია, რომ ეს ჩემთვის პოპულარიზაცია არ არის ჩემი თავის. უბრალოდ ჩემი პოზიციაა, რომ მე კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ზაზა სარალიძეს. ასევე, მე ვაცხადებ, რომ ვეთანხმები ბრალდების მხარეს და მსურს, დავრჩე პატიმრობაში, თუმცა ეს არ გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩემი მიმალვის საფრთხე არსებობს – ჩემი აქ ყოფნა სიკვდილის ტოლფასია, მირჩევნია, გასვენება იყოს ჩემი, ვიდრე აქ ვიჯდე,” – განაცხადა მირზა სუბელიანმა.
საქმის არსებითი განხილვა 1-ელ ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები