გივი მიქანაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს, პიტერ ვიბლერს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საკანონმდებლო ორგანოს ის გაზრდილი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები მიმოიხილეს, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის ახალი რედაქცია განსაზღვრავს და რომელიც პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შედის ძალაში.
შეხვედრის დასაწყისში გივი მიქანაძემ USAID -ის ოფისის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა იმ სისტემური და აქტიური მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველოს პარლამენტი და მისი აპარატი სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტებიდან იღებს და რომლებსაც კარგი მმართველობის ინიციატივა (GGI) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ახორციელებენ.
“USAID -ის ოფისის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ შესაძლო თანამშრომლობაზე ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორიცაა მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებთან აქტიური კომუნიკაცია, კვლევითი დეპარტამენტის ახალი ფუნქციებით აღჭურვა, სასწავლო ცენტრის გაძლიერება და პარლამენტის სტამბის მოსაწყობად მათი ჩართულობის შესაძლებლობა. შეხვედრაზე მიმოვიხილეთ უკვე განხორციელებული ერთობლივი პროექტები, რომლებიც პარლამენტის აპარატის გაძლიერების კუთხით ჩატარდა და ყურადღება გავამახვილეთ მიმდინარე ფუნქციური ანალიზის, პარლამენტის ახალი ვებ-გვერდის, პერსონალის შეფასების სისტემის დახვეწის მიზნით გამართულ ტრენინგებზე და მომავალი წლის დასაწყისში, პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობის აშშ-ში დაგეგმილ სამუშაო ვიზიტზე“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
პიტერ ვიბლერიმ პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელთან გამართული შეხვედრისთვის კმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს ოფისი, თავისი მანდატის ფარგლებში, კვლავაც აქტიურად გააგრძელებს პარლამენტის და მისი აპარატის მხარდამჭერი პროექტების და პროგრამების განხორციელებას. შეხვედრის დასასრულს მხარეები აქტიური კომუნიკაციის და ინფორმაციის გაცვლის მიზნით, თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
პარლამენტის აპარატის უფროსის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის შეხვედრას USAID-ის დემოკრატიის მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი, ადამ შმიტიც დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები