მამუკა ბახტაძე თეთრ სახლში ჯონ ბოლტონს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან შეხვედრით დაიწყო.

მამუკა ბახტაძეს ჯონ ბოლტონმა თეთრ სახლში უმასპინძლა.

მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების კონკრეტულ ხედვებზე და განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითადი მიმართულება.
ყურადღება გამახვილდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში.
შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებს, ასევე – საქართველოს ოკუპიირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას. პრემიერმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკასა და დაძაბულობის დეესკალაციისკენ მიმართულ ძალისხმევაზე და ხაზი გაუსვა აშშ-ის ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოში მიმდინარე რეფორმები და სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი. ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებთან ეკონომიკური თანამშრომლობის დონის შესაბამისობის აუცილებლობაზე.
მთავრობის მეთაურმა გამოთქვა რწმენა, რომ ამ მიმართულებით არსებული პოტენციალი სრულად იქნება ათვისებული, რაც საქართველო-აშშ-ის პარტნიორობა, კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები