“ვცდილობთ მივიღოთ იმგვარი კანონმდებლობა, რომელიც პარლამენტს გააძლიერებს ინსტიტუციურად”

“ჩვენ ვცდილობთ მივიღოთ იმგვარი კანონმდებლობა, რომელიც პარლამენტს გააძლიერებს ინსტიტუციურად და გააძლიერებს აგრეთვე ოპოზიციის როლსაც საპარლამენტო საქმიანობაში”, – ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
საქართველოს პარლამენტში მიმდინარე საპარლამენტო სემინარის – „საპარლამენტო ზედამხედველობა და ოპოზიციის როლი“ მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერების მიმართულებით შემუშავებული ცვლილებები და სიახლეები გააცნო.
მისი განცხადებით, საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ტრადიციულად ძლიერი იყო აღმასრულებელი ხელისუფლება, პრეზიდენტი და არა პარლამენტი. იყო დისბალანსი ხელისუფლება სხვადასხვა შტოებს შორის, რაც ეფუძნებოდა როგორც კონსტიტუციას, ასევე პრაქტიკას.
“შეუძლებელი იყო პარლამენტის მიერ მთავრობის უნდობლობის გამოცხადება. პრაქტიკა იყო ისეთი, რომ პარლამენტს არასდროს უყურებდნენ როგორც მაკონტროლებელ ორგანოს და ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორებულიყო“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის შეფასებით, პარლამენტის ორ ქალაქში – თბილისსა და ქუთაისში საქმიანობამ ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა საკანონმდებლო ორგანო, როგორ ინსტიტუცია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა თბილისშია.
„ამ ორი წლის განმავლობაში პრიორიტეტი პარლამენტის გაძლიერება გახდა და ამისთვის მნიშვნელოვანი და დიდი ძალისხმევა გავწიეთ“, -განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერებისთვის ქვეყანაში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენთვის პრიორიტეტია პარლამენტის გაძლიერება. დიდი ძალისხმევა გავწიეთ ამ მიმართულებით, პირველი რასაც გამოვყოფდი ამ მიმართულებით არის, საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ძალაში შევა მას შემდეგ, რაც არჩეული იქნება პრეზიდენტი. მნიშვნელოვანია, ის თუ როგორ არის ფუნქციები გადანაწილებული საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს შორის. ამ კონსტიტუციურმა ცვლილებებმა გააძლიერა არა მხოლოდ პარლამენტი, როგორც ინსტიტუცია, არამედ მან გააძლიერა ოპოზიციაც. ახლა პარლამენტს შეუძლია უნდობლობა გამოუცხადოს აღმასრულებელ შტოს და გაცილებით მარტივად შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება უნდობლობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრის დროს. ეს აძლევს უფრო დიდ საშუალებას ოპოზიციას, რათა განახორციელოს მაკონტროლებელი ფუნქცია“, -განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განაცხადებით, მარტივდება პარლამენტს მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება და მთავრობა ბევრად უფრო ანგარიშვალდებული ხდება პარლამენტის წინაშე.
„მთავრობის წევრებს უფრო ხშირად მოუწევთ პარლამენტში მოსვლა. ყოველ თვეს პლენარულ სხდომებზე მინისტრები ვალდებული იქნებიან გამოცხადნენ. წელსაც, მინისტრები უფრო ხშირად წარსდგნენ დეპუტატების წინაშე. ჩვენ ოპოზიციას ვაძლევთ უფლებას მინისტრები გამოიძახონ კომიტეტებში“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიციას უფრო ადვილად შეეძლება შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რაც მნიშვნელოვანი საკონტროლო ფუნქციაა.
„წელს პირველად შეიქმნა პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის უმრავლესობასაც წარმოადგენდნენ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელები. საგამოძიებო კომისიის არის კონტროლის ძალიან ძლიერი და კარგი ინსტრუმენტი“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განაცხადებით, აუცილებელია პოლიტიკური პარტიების გაძლიერებაზე ზრუნვა, რადგან პოლიტიკური პარტიები უმნიშვნელოვანესი რგოლია სამართლიანი საარჩევნო სისტემის წარმართვისათვის. მისივე თქმით, ხელისუფლება მუშაობს საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ არ უნდა დავიშუროთ ძალ-ღონე, რომ გავაძლიეროთ პოლიტიკური ინსტიტუციების ფუნქციები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ პოლიტიკური პარტიებისათვის და საქართველოს პარლამენტისთვის. ჩვენ ვმუშაობთ საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა გაიზარდოს ოპოზიციის მნიშვნელობა და როლი მთელს ქვეყანაში.
ჩვენ ვცდილობთ რომ მივიღოთ იმგვარი კანონმდებლობა, რომელიც პარლამენტს გააძლიერებს ინსტიტუციონალურად აგრეთვე გააძლიერებს ოპოზიციის როლსაც საპარლამენტო საქმიანობაში, ისე რომ ყველა პარტია უნდა ვიყოთ მზად საქართველოში ძირითადი პოლიტიკური გარდაქმნებისათვის, ანუ იმ პროპორციული საარჩევნო სისტემისათვის, რომელიც ჩვენ გვაქვს დასახული არც თუ ისე შორეულ მომავალში“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები