პოლონეთის თეატრი მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტაკლებს გამართავს
20-27 სექტემბერს, მოზარდ მაყურებელთა თეატრთან დამეგობრებული ქალაქის, ლოძის საბავშვო თეატრი „პინოქიო“ მაყურებლის წინაშე საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამით წარდგება.
როგორც „კვირას“ მოზარდ მაყურებელთა თეატრიდან აცნობეს, 21 სექტემბერს, ყველაზე პატარა, 1-4 წლამდე მაყურებლისთვის წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „იავნანა“, ხოლო 22 სექტემბერს, პოლონური დასი, მოზრდილი ასაკის (10+) ბავშვებისთვის, წარმოადგენს სპექტაკლს „მთავარი შეკითხვა“. სპექტაკლების დასაწყისი 12:00 და 14:00 საათზე. სპექტაკლებზე დასწრება თავისუფალია.
სპექტაკლების გარდა, 23-27 სექტემბერს, თეატრალური სფეროს წარმომადგენლებისთვის, რამდენიმე ვორკშოპი ჩატარდება, რომლებსაც „პინოქიოს“ სამხატვრო ხელმძღვანელი კონრად დვოროკოვსკი, დასის მსახიობები და მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი გაუძღვებიან.
ვორკშოფის თემებია: განსხვავებული თეატრალური ფორმები და მსახიობის იმპროვიზაცია; აგრეთვე, გაიმართება მუსიკალური ვორკშოპი.
კოპროდუქცია განხორციელდა პოლონეთის გრანტის Promesa 2018 დაფინანსებით, პოლონეთის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.