„აღმოაჩინეთ საქართველო – ღვინის აკვანი“: ტორონტოში ფესტივალი გაიმართება
30 სექტემბერს, 13:00-20:00 საათზე, კანადის ქალაქ ტორონტოში ფესტივალი: „აღმოაჩინეთ საქართველო – ღვინის აკვანი“ გაიმართება, რომლის მიზანი ქართული კულტურის პოპულარიზაციაა.
როგორც „კვირას“ ტორონტოს ქართველ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციიდან აცნობეს, ფესტივალს კანადაში მცხოვრები ქართველები, ტორონტოს მერიისა და სხვადასხვა ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კონსტანტინე ქავთარაძე.
ფესტივალზე გამოიფინება ქართველი მხატვრების ნამუშევრები და ხელნაკეთი ნივთები, მოეწყობა ფოტოგამოფენა. სტუმრებს ტრადიციული ქართული კერძების დაგემოვნების საშუალება ექნებათ.
ღონისძიების დასასრულს გაიმართება კონცერტი. მსმენელის წინაშე წარდგებიან კანადაში მცხოვრები ქართველი მომღერლები და კანადელების სიმღერის გუნდი, რომელიც 1993 წლიდან ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციას ეწევა.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: მახარაშვილების ოჯახური ტრიო, „გაბოს“ ტრიო, შალვა მახარაშვილი, ანდრეა კუზმიჩი, ანსამბლი „დარბაზი“, ტრიო „მაჭარი“, ანსამბლი „ალილო“, დავით ანდერსონი, უჩა აბულაძე, დიანა და მადონა ირემაშვილები, ალიშერ ჰაკიმოვი, აფხაზეთიდან დევნილი კომპოზიტორი და შემსრულებელი ია მაისაია და სპეციალური სტუმარი ნიუ-იორკიდან, პიანისტი მერაბ ებრალიძე.
საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე კანადაში ქართული სიმღერის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის ქართველ ხელოვანებს დააჯილდოვებს.
ღონისძიება Georgian Women’s Action Group-ის ორგანიზებითა და საქართველოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება.