პრემიერი დარიალის ხეობაში ჩავა

   საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლასთან დაკავშირებით საგანგებო შტაბი შეიქმნა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენელმა ლევან ღირსიაშვილმა განაცხადა. ღირსიაშვილის თქმით, უახლოეს საათებში დარიალის ხეობაში თავად პრემიერ-მინისტრი ჩავა და ვითარებას ადგილზე გაეცნობა.
“როგორც ცნობილია, დარიალის ხეობაში ჩამოწვა მეწყერი, რამაც მდინარე თერგის კალაპოტის გადაკეტვა გამოიწვია. მომხდარ სტიქიურ მოვლენასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც კოორდინაციას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო უწევს. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურა, სამაშველო და საგანგებო სამსახურები”, – განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა.
მისივე განმარტებით, პრემიერის დავალებით, დარიალის ხეობაში დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის მინისტრები ჩავლენ.
“დარიალის ხეობაში უახლოეს საათებში ჩავა თავად პრემიერ-მინისტრი და ვითარებას ადგილზე გაეცნობა”, – განმარტა მან.
კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ინფორმაციით, სასაზღვრო პუნქტებიდან მოსახლეობის და მიმდებარე ტერიტორიიდან მგზავრების ევაკუაცია უკვე განხორციელდა.
“ამ ეტაპზე ხორციელდება ყველა აუცილებელი და საგანგებო ღონისძიება, რის გამოც, პანიკის საფუძველი არ არსებობს”, – აღნიშნა ღირსიაშვილმა.
მთავრობის  ადმინისტრაციაში ამ ეტაპზე გარდაცვლილების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას  არ ადასტურებენ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=HfPWAYQXR8E” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები