10 წლის ანა კალანდაძე მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის საფორტეპიანო კონკურსის – MISA GRAND PRIX გამარჯვებულია
ზესტაფონის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე ანა კალანდაძე ბათუმის მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის პირველი საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის – MISA GRAND PRIX გამარჯვებულია.
ანას კონკურსზე მე-2 პრემია და ლაურეატობის წოდება მიენიჭა.
როგორც „კვირას“ მისმა პედაგოგმა ლელა მინაშვილმა აცნობა, კონკურსზე ანა წარდგა დიდი პროგრამით, შეასრულა ი. ს. ბახის პრელუდია და ფუგა; ლ. ვ. ბეთჰოვენის I სონატის პირველი ნაწილი; კ. დებიუსის ,,ბერგამასული სუიტიდან” პრელუდია, თაქთაქიშვილის პოემა და კ. ჩერნის ეტიუდი.
ჟიურის წევრები იყვნენ: პარიზის კონსერვატორიის დირიჟორი, მაესტრო ჟან-პიერ შმიტი; თელ-ავივისა და იერუსალიმის მუსიკალური აკადემიის უფროსი პედაგოგი, კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი; მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის სამხატვრო ხელმძღვანელი შორენა ცინცაბაძე.
„მინდა აღვნიშნო, რომ კონკურსში ჩემი სამი მოსწავლე მონაწილეობდა და სამივე გახდა ლაურეატი. მე-4 კლასელ ბექა ჭუმბურიძეს ასევე მიენიჭა მე-2 პრემია, პირველი კლასის მოსწავლე, ბარბარე მანჯავიძე მე-3 პრემიის მფლობელი გახდა“, – აღნიშნავს ლელა მინაშვილი.
10 წლის ანა უკვე ათი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. მას კიდევ მრავალი მოწვევა აქვს საერთაშორისო კონკურსების დირექციებისგან.
ამ კონკურსებში მონაწილეობაში ფინანსური მხარდაჭერისთვის მისი ოჯახი მადლობას უხდის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, კომპანია ,,ჯორჯოან მანგანეზის” ხელმძღვანელობას და საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“.