მოძრაობის თეატრი ახალ სეზონს პრემიერით და ინოვაციური ექსპერიმენტული პროექტებით იწყებს

20 სექტემბრიდან მოძრაობის თეატრში მისულ მაყურებელს განახლებული რეპერტუარი, პრემიერა და ექსპერიმენტული პროგრამა ელოდება, რომელიც საქართველოში პირველად განხორციელდება. მაყურებლისთვის უკვე კარგად ნაცნობი სპექტაკლები კი ახლებური ინტერპრეტაციებით იქნება წარმოდგენილი.
რეჟისორ იოსებ ბაკურაძის განმარტებით, 20 სექტემბერს ახალი სეზონი პრემიერით „ასტიგმატისტებით“ გაიხსნება. მისი თქმით, ეს არის კომედია ასტიგმატისტების ოჯახის ერთი კომიკური დღის შესახებ, რომელიც გადმოცემულია მუნჯი კინოს ხერხით.
მისი თქმით, სპექტაკლ ”ასტიგმატისტების” გმირები სამყაროს განსხვავებულად აღიქვამენ, თუმცა მათ შორისაც არის სხვაობა. ყველაფრით უკმაყოფილო ბაბუა ცდილობს ოჯახური ტრადიციები დაიცვას.
„რაც შეეხება ექსპერიმენტულ პროექტს, ეს იქნება 360 გრადუსით გადაღებული „ასტიგმატისტების“ ინოვაციურ გარემოში ჩვენება. აღნიშნული პროექტი სავარაუდოდ ოქტომბერში განხორციელდება. პარტერი სცენის ცენტრში აღმოჩნდება, სცენა კი, წრიულად დამონტაჟებულ ეკრანებზე გადაინაცვლებს. მოძრავ სკამებზე მოთავსებული მაყურებელი, მისთვის სასურველი რაკურსით შეძლებს სპექტაკლის თვალყურის დევნებას“ – განმარტავს რეჟისორი.
ბაკურაძის თქმით, მსგავსი ექსპერიმენტი თეატრალურ სივრცეში ჯერ არ განხორციელებულა და ფიქრობს, რომ ამ მიმართულებას ხელოვნებაში საინტერესო პერსპექტივები აქვს.
„თეატრი ყოველთვის სიახლის პროცესში უნდა იყოს. 360 გრადუსიანი აპარატიც პირველი მცდელობაა თეატრალურ სამყაროში, ეს არის საწყისი ეტაპი თუ რამდენად ორგანული გახდება თეატრალური ხელოვნებისათვის მსგავსი ტექნოლოგია“, – აღნიშნავს რეჟისორი და იდეის ავტორი იოსებ ბაკურაძე.
მიმდინარე წლის 24-26 აგვისტოს თეატრის დასი საქართველოს სახელით წარსდგა River Bank Fetsival-ზე, რომელსაც ყოველწლიურად 3 მილიონამდე მაყურებელი სტუმრობს. წლების მანძილზე თეატრს არაერთი წარმატებული გამოსვლა ჰქონდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნების დიდ სცენებზე.
მოძრაობის თეატრს ჟანრების თეატრსაც უწოდებენ, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ცეკვას, მიმოდრამას, აკრობატიკას, პანტომიმას, ფიზიკურ თეატრს, ბალეტს, საბრძოლო და საცირკო ელემენტებს, ფოლკლორს და საავტორო მუსიკას. ამ სპეციფიკიდან გამომდინარე დიდი ინტერესით სარგებლობს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მაყურებელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები