პრემიერმა ეუთოს მდივანთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ეუთო-ს გენერალურ მდივანს ტომას გრემინგერს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებას შეეხო, ასევე, ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო მისიების წვდომის მნიშვნელობასა და მათ როლს მშვიდობის უზრუნველყოფაში.
დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელიც კონფლიქტის შედეგად გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.
ხაზი გაესვა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება მნიშვნელოვნად აფერხებს პროგრესს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე განიხილეს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომლის საფუძველზეც მთავრობამ შეიმუშავა ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია და რომლის მიზანია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაში მონაწილე პირებმა პასუხი აგონ ჩადენილ დანაშაულზე.
შეხვედრისას ყურადღება დაეთმო მართლმსაჯულების წარმატებულ რეფორმას.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე და საარჩევნო პროცესში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ჩართულობაზე. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, საქართველოს მთავრობამ კვლავაც უზრუნველყოს არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარება.
ტომას გრემინგერი ეუთო-ს გენერალური მდივნის რანგში საქართველოში ვიზიტით პირველად იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები